ქმრის დაჭრაში ბრალდებული ქალი სასამართლომ აუცილებელი მოგერიების არგუმენტით გაამართლა - საფარი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაამართლა ქალი, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი დაჭრა, – ორგანიზაცია „საფარის” ცნობით, ნანა გოგალაძეს ქმარი ახალი წლის ღამეს თავს დაესხა და მისი მოხრჩობა სცადა. ქალმა 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ მასზე ძალადობდნენ. ორგანიზაციის მტკიცებით, საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთის დაგვიანებით მივიდა, ამ დროისთვის ქალს ქმარი უკვე დაჭრილი ჰყავდა.

ორგანიზაცია „საფარის” ცნობით, პროკურატურამ ნანა გოგალაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით წარუდგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ ბევრი პროცესუალური დარღვევა, ამასთან, არ მიმდინარეობდა ქალის მიმართ სისტემატური ძალადობის ფაქტების გამოძიება. უგულებელყოფილი იყო ის დაზიანებები, რომელიც მოძალადემ ქალს მიაყენა. ჩვენი განცხადებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება მოძალადე ქმრის წინააღმდეგ და მას წარედგინა ბრალი,” – აცხადებს „საფარი”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, დააკვალიფიცირა აღნიშნული ქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიება და ნანა გოგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ნანა გოგალაძის საქმე ვრცლად

„ორგანიზაცია” საფარის ცნობით, მოძალადე კ.შ-მ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, ნანა გოგალაძეს მიაყენა  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გაუსწორდა მას ფიზიკურად, შემდეგ კი ხელები წაუჭირა და ახრჩობდა.

ნანა გოგალაძის მცირეწლოვანმა შვილმა დასახმარებლად მეზობელს უხმო და დედა გადაარჩინა. ნანა გოგალაძე იხსნებს, რომ 2018 წლის 1 იანვრის დილას მისი შვილები ბიოლოგიურ  მამას ტელეფონით ელაპარაკებოდნენ, რის გამოც ქალის პარტნიორი ძალიან გაბრაზდა. „საუბრის წუთების დათვლა დაიწყო, ამდენი ხანი რატომ ელაპარაკებოდით ამ კაცსო”. დაახლოებით, დილის 3 საათზე მსხვერპლმა 112-ს დახმარების თხოვნით დაურეკა. ზარის განხორციელების დროს მას მოძალადე თავზე დაადგა, ამაზე გაბრაზებული ქალს ყელში წვდა.

„იმ ღამეს საშინელი აგრესია ვეღარ გააკონტროლა, ფიზიკურად დამიპირისპირდა იმ დონემდე, რომ ლამის საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო. მივხვდი, რომ თავდასაცავად უკანასკნელი ძალები უნდა მომეკრიბა – სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. ასეც მოხდა, მოგერიების მიზნით, ეს ადამიანი სამზარეულოს დანით დავჭერი. მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ მანამდე გამოძახებული პატრული 45 წუთის დაგვიანებით მოვიდა. პოლიცია დროულად რომ მოსულიყო, ალბათ, ეს ინციდენტიც არ მოხდებოდა და თავს მოსაკლავადაც ვეღარ დამესხმებოდა”, – იხსნებს ქალი.

„საფარის” ცნობით, გამოძიებამ ძალადობრივი ქმედებების შეფასება და ანალიზი არ გააკეთა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქალი ინციდენტის დროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო და პოლიციის დახმარებას ითხოვდა. 2018 წლის 26 თებერვალს საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

2018 წლის 14 სექტემბერს ნანა გოგალაძეს კ.შ-მ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა და ბავშვებთან ერთად გარეთ გამოაგდო, წაართვა ტელეფონი და დაჭრა ბავშვების ტანსაცმელი. „საფარი” ამბობს, რომ აღნიშნული ინციდენტი სტრესული იყო არასრულწლოვანი ბავშვებისთვის, ერთ-ერთ მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ კაცს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ამის შემდეგ ის კვლავ დაემუქრა მსხვერპლს, რომ თუ პოლიციას შეატყობინებდა მის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე, მოკლავდა და შვილებს „გაუმწარებდა”.

„საფარმა“ რამდენიმეჯერ მიმართა მთავარ პროკურორს, რათა ნანა გოგალაძე და მისი არასრულწლოვანი შვილი დაზარალებულად ეცნოთ; ასევე, არაერთი შუამდგომლობა დააყენა მსხვერპლის, ნანა გოგალაძის, დაცვის მიზნით.

2019 წლის 9 ოქტომბერს აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ ნანა გოგალაძე და მისი შვილები დაზარალებულად ცნო.