ქობულეთის კლასტერი დავხურეთ - ეს და სხვა ინდიკატორები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, არის გარკვეული ინდიკატორები, რაც იმის თქმის საშუალებას აძლევს ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომ კორონავირუსი „ოდნავ დამშვიდებისკენ მიდის“. ამის მაგალითად გამყრელიძეს ვირუსული ინფექციის რამდენიმე კლასტერი მოჰყავს, რომელშიც ბოლო დღეებია ახალი ინფიცირებული აღარ გამოჩენილა.

„არის ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. გუშინ და გუშინწინ მარნეულში 670 ადამიანი გამოვიკვლიეთ და მარტო 1 ინფიცირებული აღმოჩნდა. დღეს, ქობულეთის კლასტერი დავხურეთ, 10 დღეა აღარ გვაქვს იქ ინფექცია, ასევეა ღვანკთიც და კიდევ რამდენიმე.

რასაც ვაკვირდებით, თითქოს ისეთი ინტენსივობით აღარ ცირკულირებს ინფექცია. რაც მთავარია, ეს ოთხჯერ გაზრდილი ტესტირების ფონზე. რაღაც-რაღაც ინდიკატორები არის, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ოდნავ დამშვიდებისკენ მიდის ინფექცია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავთამამდეთ და ვთქვათ, რომ უკვე დავამარცხეთ კოვიდი“, – თქვა ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში.