ქობულეთში ადგილობრივები უკრაინის სოლიდარობის აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი, ქობულეთის ქუჩებში უკრაინის სახელმწიფო დროშებითა და მხარდამჭერი ბანერებით გადაადგილდებიან.
გარდა უკრაინის სოლიდარობისა, აქციის მონაწილეები მსვლელობით აპროტესტებენ პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნას ქობულეთში. აქციის მონაწილეები შეჩერდნენ „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან, სადაც უკრაინის ჰიმნი შეასრულეს.
აქციას თბილისიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეებიც შეუერთდნენ. ისინი დღეს 8 აგვისტოს მემორიალთანაც მივიდნენ, სადაც უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს პატივი მიაგეს.
ქობულეთში დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ 22 მარტის აქციაზე შეხლა-შემოხლისას დაკავებული „ალტ-ინფოს“ პარტიის 12 წარმომადგენელი გაათავისუფლეს.
უკრაინის დროშებითა და შეძახილებით – „არა რუსეთს“ ქობულეთში აქცია-მსვლელობა 22 მარტს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთანაც გაიარეს, რასაც მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. გარდა უკრაინის სოლიდარობისა, აქციის მონაწილეები ქობულეთში პროპუტინისტური პარტიის გახსნას აპროტესტებდნენ.