„ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია, ვამაყობ თქვენით!“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით მორიგი წერილი ვრცელდება, რომელშიც ის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს აფასებს. ციხიდან მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გამოიტანა და გააცნო მედიას.

„ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად და ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური და აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ მეტად ვიბრძოლებთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია, ვამაყობ თქვენით!“ – წერს სააკაშვილი.

————————————————-

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.