ქოლცენტრების გამოძიება, სავარაუდოდ, გაგვიყვანს ენმ-თან და მათ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან - კობახიძე

პუბლიკა

„ეს არის უსუსური მცდელობა, რომ შეტევით გადაფარო შენი დანაშაული. „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით, მე რამდენადაც ვიცი, დაწყებულია გამოძიება და ეს გამოძიება, სავარაუდოდ, გაგვიყვანს კონკრეტულ პირებზე, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.


ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა დეკემბერში დაიწყო.  ის ამბობდა, რომ თაღლითურ სქემაში სუსი და უჩა მამაცაშვილი მონაწილეობენ. მისი ინფორმაციით, საუბარია 20 000 მოქალაქეზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობს ამ სქემაში.

ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათი პოზიციით, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა ლილუაშვილის სახელს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, ე.წ. ქოლცენტრები საქართველოში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ. „მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ჩემი ინფორმაციით… საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს“, – განაცხადა პრემიერმა.