„სიცრუეზე აგებული კამპანია“ - სუსი ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება ე.წ. ქოლ-ცენტრების თაობაზე მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას. მათი განცხადებით, უწყება შესაბამისად მოქმედებს, რათა აღკვეთოს დანაშაულები, თუმცა, მათივე მტკიცებით, „გრძელდება მიზანმიმართული, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაც მიზნად ისახავს ზოგადად ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას“.

„…სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში გაავრცელა ინფორმაცია უწყების ჩართულობის შესახებ ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია, რომ ცალკეული სუბიექტების მხრიდან კვლავ გრძელდება მიზანმიმართული, სიცრუეზე აგებული კამპანია, რაც მიზნად ისახავს ზოგადად ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციას.

დამატებით გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი მთავარი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურასთან აღნიშნული დანაშაულის გამოსავლენად და ამ მიზნით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, რიგ შემთხვევებში კი, უფლებამოსილი პირის დავალების საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ატარებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.

რაც შეეხება კითხვას – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უშუალოდ რატომ არ აწარმოებს გამოძიებას ამ კატეგორიის საქმეებზე, განვმარტავთ, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობა შეიცავს საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა), 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და 218-ე (გადასახადებისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანების თანახმად, არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებს.

თუმცა საგამოძიებო დავალების ფარგლებში ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, რისი ნათელი მაგალითიცაა საქართველოს პროკურატურასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არაერთი პირი მიეცა პასუხისგებაში.

პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები მათ მიერ გავრცელებულ სუბიექტურ ინფორმაციებში ცდილობენ წარმოაჩინონ ვითარება, ვითომდა სახელმწიფოს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით აქვს ლოიალური მიდგომა და არ ტარდება სათანადო ქმედებები დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ.

საპირისპიროზე მეტყველებს სამართლდამცავი ორგანოების საქმიანობის ანალიზი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია მასმედიის საშუალებით.

კერძოდ, მოსახლეობისათვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ეფექტიანად აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტებზე, რომლებზეც პასუხისგებაში მიცემულია რამდენიმე ათეული პირი.

ამდენად, ნათელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად არის ჩართული დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, გამოვლენისა და მათ მიმართ გასატარებელი სათანადო ღონისძიებების განხორციელებაში, როგორც ოპერატიული უზრუნველყოფის, ასევე საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებშიც, რასაც გააგრძელებს მომავალშიც.

თუმცა სუბიექტური პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებებით, ცალკეული პირები ცდილობენ დააკნინონ სახელმწიფო უწყების როლი და საზოგადოებაში შექმნან უწყებისა და მისი ხელმძღვანელის მადისკრედიტირებელი განცდა.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმართავს ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს ყველა კითხვას და საზოგადოებას მიეწოდოს რეალური და იურიდიულ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია უწყების საქმიანობის შესახებ“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ლილუაშვილის ადვოკატი მამუკა ღვინიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორი ტელევიზიის ეთერით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობასთან და ფულის მოპარვის სქემასთან დაკავშირებით. მედიამ „ქოლ ცენტრების“ საქმიანობასთან გრიგოლ ლილუაშვილიც დააკავშირეს.