ქრონოლოგია | სინამდვილეში რა ხდებოდა პრეზიდენტების ვიზიტის დღეს 2008 წელს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, 2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც ევროპული ქვეყნების ლიდერები საქართველოში ჩამოვიდნენ, „ცეცხლი შეწყვეტილი იყო“.

„რა ვითარება იქნება კიევში? და შესაძლებელია თუ არა იქ ჩასვლა? – ეს, ალბათ, ცალკე განხილვის საკითხი იქნება. პირველ რიგში მაინც უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან, როცა 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ზომები გარანტირებული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

12 აგვისტოს ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი თბილისში  საქართველოს მიმართ სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ჩამოვიდნენ; ასევე – დედაქალაქზე რუსეთის შეტევის შანსის შესამცირებლად. ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში სამხედრო მოქმედებები არ შეწყვეტილა, 5 ქვეყნის ლიდერი იძულებული გახდა, საქართველოში აზერბაიჯანიდან სახმელეთო გზით შემოსულიყო.

რა ხდებოდა 12 აგვისტოს სინამდვილეში?

[გამოყენებულია Civil.ge-ის არქივი, ასევე „ამერიკის ხმის“ მასალა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. მითითებულ საათებში, შესაძლოა, იყოს გარკვეული ცდომილება].

02:05 – რუსული ავიაცია ბომბავს კასპს და სოფელ რუისს.

9:30 – რუსული ავიაცია ბომბავს გორს, მანამდე კი სოფელ ტყვიავს.

11:30 – 12:00 რუსული სამხედრო ძალები ქალაქ გორის ცენტრალურ მოედანს ბომბავენ Iskander-M/SS-26 ტიპის რაკეტებით, რის შედეგადაც დაიღუპა რვა მშვიდობიანი მოსახლე და დაიჭრა 15. გარდაცვლილთა შორის იყო ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი, რომელიც გორის ცენტრში „ისკანდერის“ აფეთქების შედეგად დაიღუპა.

12:25 – დაიბომბა რუსთავიდან 5 კილომეტრის მანძილზე მდებარე ნავთობსადენი.

12:30 – რუსული ავიაცია ბომბავს ვაზიანის სამხედრო ბაზას.

13:25 – სამმა რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა სოფელი ორჭოსანი.

14:00 – რუსეთის საჰაერო ძალები კასპისა და ხაშურის რაიონების სოფლებს ბომბავენ. სოფელ აგარაში დაიბომბა სასწრაფო დახმარების მანქანაც.

14:50 – რუსული ავიაცია ბომბავს კასპისა და ქარელის რაიონის სოფლებს – საკორინთლოსა და რუისს.

15:00 – რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებმა შეუტიეს და დააზიანეს საქართველოს სასაზღვრო დაცვის გემები.

15:30 – ცხინვალელი მებრძოლები რუსი სამხედროების მიერ დაპყრობილ ქართულ სოფლებში ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ.

ნაშუადღევს (დრო დაუდგენელია) – რუსეთის მოიერიშე ვერტმფრენი გორის მახლობლად ავტომაგისტრალზე ცეცხლს უხსნის სამოქალაქო მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ გადაჰყავს; შედეგად იღუპება ცხრა მგზავრი.

16:00 – რუსი სამხედროები გორის მიდამოებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის მდებარე მთავარ მაგისტრალზე კონტროლს ამყარებენ.

16:00 – რუსი სამხედროები გორში შეიჭრებიან.

16:30ერთიც – რუსი სამხედროები სოფელ ახალდაბაში ტელერადიო გადამცემ სადგურს იკავებენ, სადაც ანადგურებენ აპარატურას. მოკლეს ერთი და დაჭრეს ერთი თანამშრომელი.

17:30 – აფხაზური ძალები სოფელ განმუხურს იკავებენ და იქ საგუშაგოს ხსნიან.

18:00 – რუსი სამხედროები ფოთში ქართულ სამხედრო და საპატურლო კატარღებს ანადგურებენ.

18:00 – ხაშურის რაიონში ჩამოგდებული 4 ბომბიდან არცერთი არ აფეთქდა.

18:30 – ოსი სეპარატისტები შედიან გორის რაიონის სოფლებში – კარალეთსა და დისევში. იწყებენ ეთნიკური წმენდას, თავს ესხმიან მოსახლეობას და წვავენ სახლებს.

15:00 საათიდან 19:00 საათამდე – რუსი ჯარისკაცები 3-ჯერ ესხმიან თავს საქართველოს სასაზღვრო დაცვის ცენტრს, იტაცებენ და ანადგურებენ იარაღს.

19:00 – რუსეთის სამხედრო კოლონა სოფელ ხაიშს უახლოვდება და კოდორის ხეობიდან მომავალ გზას კეტავს.

21:30 – ადგილობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოსი სეპარატისტები სასტიკად ეპყრობიან ქორდის, მერეთის, ტყვიავის მკვიდრებს. დასტურდება ერთი ადამიანის მკვლელობა.

21:35 – ოსი სეპარატისტები დაუნდობლად უსწორდებიან გორის ჩრდილოეთით განლაგებული სოფლების, არბოსა და დიცის მოსახლეობას.

21:50 – რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს სენაკის სამხედრო ბაზა. გაანადგურეს და გაიტაცეს იარაღი.

22:52 – კარალეთში 3 უცხოელ ჟურნალისტს წაართვეს ავტომობილი.

23:12 – ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ოსი სეპარატისტები ანადგურებენ ქართულ სოფლებს – ბერკური, რაღა, სვენეთი, ხელთუბანი და ყარალეთი.

დაბომბვა და თავდასხმები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.


12 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში ჩამოვიდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროექტით. საქართველოს ხელმძღვანელობასთან სარკოზის მოლაპარაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების ტექსტში მოსკოვის თანხმობით ცვლილებები შევიდა.

„12 აგვისტოს ხელშეკრულების“ სახელით ცნობილ დოკუმენტს საქართველომ 15 აგვისტოს, რუსეთმა კი 16 აგვისტოს მოაწერა ხელი.