ახლა კიევი საბრძოლო მოქმედების ზონაა, ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება - ქადაგიშვილი

პუბლიკა

„სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება და ალბათ ეს საკითხი იქნება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი. რა ვითარება იქნება კიევში და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ალბათ ეს ცალკე განხილვის საგანი იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა მათ შორის ევროსაბჭოში დამტკიცდა, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას მხარი დაუჭირა.

„სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება. ალბათ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი იქნება. უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოცხადებული გვაქვს. ეს სოლიდარობა ევროსაბჭოში დამტკიცდა, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას მხარი დაუჭირა.

კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეს ალბათ, ცალკე განხილვის საკითხი იქნება, პირველ რიგში მაინც უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როცა 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, სამშვიდობო კორიდორების გახსნა ლოკალურად ხდება. მთელი ეს ტერიტორია, განსაკუთრებით, კიევი და აღმოსავლეთ უკრაინა საბრძოლო მოქმედებების ზონაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, შესაძლო საფრთხის მიუხედავად, კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, განიხილავს თუ არა პრემიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიზნით უკრაინაში ჩასვლას – „უკრაინაში ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის…“.