ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, შესაძლო საფრთხის მიუხედავად, ჩავიდნენ კიევში

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, შესაძლო საფრთხის მიუხედავად, კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში. აქ შეიძლება საშიში იყოს. ჩვენი ცა რუსული რაკეტებისთვის და თვითმფრინავებისთვის ჯერ არ არის დაკეტილი. ჯერ მიღებული არ არის ჩვენი არსენალის ჰაერში გაძლიერების გადაწყვეტილება. არ მიგვიღია თვითმფრინავები. მაგრამ… თქვენ ნამდვილად იცით, რომ მსოფლიოს ყველა ადამიანის თვალი ახლა ჩვენი დედაქალაქისკენ, უკრაინელებისკენ არის მიმართული. ასე რომ, ვინც ჩვენთან არის, მიიღებს მადლიერებას არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს სხვა ერების. ყველას, ვინც ჩვენთანაა, აქვს შანსი, გახდეს ნამდვილი გმირი“ , – ნათქვამია მიმართვაში.


გუშინ, 15 მარტს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და ვიცე-პრემიერი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი კიევში ჩავიდნენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდნენ.

უკრაინაში რუსეთის ომი 24 თებერვალს დაიწყო. 25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, განიხილავს თუ არა პრემიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიზნით უკრაინაში ჩასვლას – „უკრაინაში ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის… კითხვაზე – ვაპირებ თუ არა ჩასვლას, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ დაკეტილი არის საჰაერო სივრცე, არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ვერ ჩადიან უკრაინაში, პასუხი  – შესაბამისია“, – უპასუხა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.