ქურდოვანიძე: მზია ამაღლობელი აგრძელებს სრულ შიმშილობას, ჩაუტარდება დამატებითი კვლევები

პუბლიკა

საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ „ვივამედში” მზია ამაღლობელი მოინახულა. როგორც ნონა ქურდოვანიძე ამბობს, დღეს მზია ამაღლობელს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები, რომლის საფუძველზეც ექიმები გადაწყვეტენ, დატოვონ თუ არა „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი კლინიკაში.

„ის აგრძელებს სრულ შიმშილობას და რჩება დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თუმცა მისი პოზიცია ასევე არის უცვლელი, რომ მოითხოვს, დააბრუნონ უკან, თუმცა რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით და არ არის აქ მხოლოდ მისი სურვილი, ამ შემთხვევაში და გადამწყვეტია, რა თქმა უნდა, სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება.

მას როგორც უთხრეს ექიმებმა, დღეს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები, რომლის შედეგადაც ექიმები გადაწყვეტენ, ისევ აქ დატოვებენ, თუ იქნება ისეთი მდგომარეობა, რომ შესაძლებელი იქნება უკან დაბრუნება”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში” კვლევებისთვის გადაიყვანეს.

7 თებერვალს მზია ამაღლობელი „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. ექიმების საერთო პოზიციაა, რომ რადგან მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, ის კლინიკაში უნდა დარჩეს. ამაღლობელმა ექიმებს უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება უნდა.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.