ქუთაისელი ჟურნალისტები აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ

პუბლიკა

ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქუთაისიპოსტი“ ავრცელებს.

ქუთაისში სოლიდარობის აქციაზე  ჟურნალისტებმა აჭარის ტელევიზიის დირექტორს მოუწოდეს, შეუნარჩუნოს მაუწყებელს და იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს სარედაქციო დამოუკიდებლობა.

„არ შეიძლება ჟურნალისტს ესაუბრო ულტიმატუმის ენით, არ შეიძლება საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცე ხელისუფლების დავალებები. მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს,  მაუწყებელს შეუნარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა,” – აცხადებენ აქციის მონაწილე ჟურნალისტები “ქუთაისიპოსტთან“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მრჩეველთა საბჭომ  გიორგი კოხრეიძე 22 ნოემბერს აირჩია. ახალი დირექტორის არჩევას მალევე მოჰყვა ჟურნალისტების და სარედაქციო ჯგუფის განცხადებები, დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით.