ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 16-22 ოქტომბერს გაიმართება

პუბლიკა

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეექვსე გამოშვება 16-22 ოქტომბერს, ჩატარდება. 

ერთი კვირის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი გააერთიანებს: მასტერკლასებს, დისკუსიებს, მუსიკალურ საღამოებსა და საჯარო ლექციებს. წელს ფესტივალის ფოკუსში არა მხოლოდ ერთი ქვეყანა, არამედ ევროპა და ევროპული კინო მოექცევა.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და ფესტივალის პრიზს – ოქროს დინოზავრს გადასცემს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი.

ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან: კინორეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი და მსახიობი ჯასტინ ვედელი, კინოოპერატორი რეინ კოტოვი, პროდიუსერი რინგაილე ლესჩინსკიენე, მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, კინორეჟისორი და საქართველოს კინოინსტიტუტის პრეზიდენტი ნუცა ალექსი-მესხიშვილი კი ჟიურის თავმჯდომარე იქნება. ფავორიტს გამოავლენს ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა ჟიურიც, რომელიც კინოკრიტიკის სახელოსნოს მონაწილეებით იქნება დაკომპლექტებული.

სრული საკონკურსო პროგრამა იხილეთ ფესტივალის Facebook-გვერდზე.

გარდა საკონკურსო პროგრამისა, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება: უნგრული ახალი ტალღის ფილმები, იტალიური კინოკლასიკა: შრომა, დრო და მეხსიერება, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სელექციას, ფრანგული ინსტიტუტი კი კრის მარკერის რეტროსპექტივას შემოგვთავაზებს, ნაჩვენები იქნება საბავშვო პროგრამა – უკრაინა ბავშვების ობიექტივში, სამეცნიერო-პოპულარულ დოკუმენტური ფილმები, ასევე უახლესი ქართული მოკლემეტრჟიანი ფილმების პროგრამა და ქართული მოკლემეტრჟიანი კინოს პანორამა, პროგრამა – კავკასუს სინემა წარმოგიდგენთ და სტუდენტური ფილმები.

ორგანიზატორთა ცნობით, ფესტივალზე წელსაც ტრადიციულად აღინიშნება გამორჩეულ კინემატოგრაფისტთა საიუბილეო თარიღები; რეზო გაბრიაძის 90-ე იუბილეს აღსანიშნავად, ფესტივალს გახსნის ლევან გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“, ამასთანავე ფესტივალის ფარგლებში აჩვენებენ მისი სცენარებით გადაღებულ ფილმებს „ფეოლასა“ და „ქვევრს“; ნანა მჭედლიძის მე-100 იუბილის აღსანიშნავად გაიმართება „პირველი მერცხლის” ჩვენება; კინოოპერატორ ლევან პაატაშვილის მე-100 დაბადების დღეს კი თენგიზ აბულაძის „სხვისი შვილები“; სესილია თაყაიშვილის მე-100 იუბილის აღსანიშნავად კი მაყურებელი ლანა ღოღობერიძის „ფერისცვალებას“ იხილავს.

ფესტივალის ფარგლებში დაიხურება ევროპული კინო-ტური საქართველოში, რის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმი „დინება“ და ევროპული მოკლემეტრაჟანი ფილმების სელექცია.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 100 წელი უსრულდება გერმანული ექსპრესიონისტული კინოს გამორჩეულ ნამუშევარს, ფ.ვ მურნაუს „ფაუსტს“, სწორედ ამიტომ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკალური გაფორმებით.

ფესტივალის ფარგლებში რეჟისორი დიმიტრი მამულია წაიკითხავს საჯარო ლექციას ნელ კინოზე. გაიმართება შეხვედრა მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან. გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით კი გაიმართება პანელური დისკუსია რეგიონის ახალი ხედვა: ქალთა ხმები და რეპრეზენტაცია. ამასთანავე მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სომხური მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა.

ფესტივალის სტუმრებს ტრადიციულად საშუალება ექნებათ დაესწრონ სრულმეტრაჟიანი ფილმების ქართულ და ქუთაისურ პრემიერებს. ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს უტა ბერიას „ცრემლსადენ გაზს“, ანა ურუშაძის „მეორეხარისხოვან როლს“ და ნანა ჯანელიძის „ქმნილების ხელოსანს“, რომლითაც ფესტივალი დაიხურება.

ქუთაისში პირველად იქნება ნაჩვენები: თამარ კალანდაძისა და ჟულიენ პებრელის „ქართლის ცხოვრება“, მაკა გოგალაძის ფილმები – „შენზე ვფიქრობდი ახლა“ და „რაც თავი მახსოვს“, ინეკე სმიტსის „პუტინის დედა“, ივან სულუეტას „აღტაცება“, მარლენ ედოიანის „ცეცხლი იქ“.

ამასთანავე ფესტივალზე მაყურებელი ნახავს კოტე კალანდაძის დოკუმენტურ ნამუშევარს „არავინ არ ჩანს“ და პაპუნა მოსიძის მხატვრულ ფილმს „ქალაქის ხმაური“.

გარდა კლასიკური კინოჩვენებებისა, მაყურებელს შესაძლებლება ექნება დაესწროს: ხმის დიზაინის სტუდია „უზუპოს“ ნამუშევრის, „დამალობანასა“ და გიორგი მრევლიშვილის „მდუმარების ქვიშების“ ექსპერიმენტულ ჩვენებებს. 

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება: რეზო გაბრიაძის სახელობის კინოსახელოსნო, რომელსაც რეჟისორი, სცენარისტი და
პროდიუსერი ინეკე სმიტსი და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი გაუძღვებიან; კინოკრიტიკის სახელოსნოს კი გაუძღვება ფემინისტი მკვლევარი, ჟურნალისტი და პროგრამერი ლაურა ვან ჟაულენი.