ქუთაისის საკრებულოს პირველი სხდომის პარალელურად აქციიდან 1 პირი პოლიციამ გაიყვანა

პუბლიკა

ქუთაისში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დაწყების პარალელურად ხმაური იყო შენობის მიმდებარედ, სადაც ერთმა აქტივისტმა, ზაალ კუხიანიძემ სხდომაზე სცადა შესვლა, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. შესვლის მცდელობისას წინააღმდეგობის გაწევის დროს საკრებულოს შენობასთან მობილიზებულმა დაცვის სამსახურმა ის საპატრულო პოლიციას გადასცა.

განახლება:  „პუბლიკას“ შსს-დან აცნობეს, რომ კუხიანიძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცესკოს დამკვირვებლის ფორმაში გამოწყობილი ზაალ კუხიანიძე, საპროტესტო ბანერით ხელში, საკრებულოში შესვლას მარტო ცდილობდა, რაშიც ხელს ათზე მეტი სამართალდამცველი უშლიდა.

დაპირისპირების დაწყებამდე კუხიანიძემ მიმართა საკრებულოს უსაფრთხოების პოლიციას, რომ, როგორც მოქალაქეს, უფლება ჰქონდა, დასწრებოდა საკრებულოს სხდომას, რაზც მას განუმარტეს, რომ ამის შესახებ განაცხადი სხდომამდე 2 დღით ადრე უნდა შეეტანა.

„ნუ მტყუებთ, მეც ვმუშაობდი ამ შენობაში“, – მიმართა დაცვის თანამშრომელს აქტივისტმა.

მანამდე ქუთაისის საკრებულოსთან პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ ძაღლის სათამაშო მიიტანა იმის სიმბოლოდ, რომ ახალი საკრებულო მორჩილი და მარიონეტია.

ქუთაისის საკრებულო 18 „ქართული ოცნების“ და 17 ოპოზიციონერი დეპუტატითაა დაკომპლქტებული.

ახალარჩეული საკრებულოების სხდომა დღეს, 3 დეკემბერს, 12 საათზე ერთდროულად, უმეტესწილად, ოპოზიციის პროტესტის ფონზე გაიხსნა.

ზუგდიდსა და თბილისში ენმ-ის წევრებმა ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი ბანერები მიიტანეს. თბილისის საკრებულო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.