ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ ხელფასს არ უხდიან

პუბლიკა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებში ჩართული მუშები პროტესტის ნიშნად უარს აცხადებენ მუშაობის გაგრძელებაზე. ისინი აცხადებენ, რომ 3 თვეა შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ.

„ხელფასებს 3 თვეა არ გვაძლევენ, გვპირდებიან და ხალხიც გაჩერებული ვართ, 1 თვეა არ გვიმუშავია, გაფიცულები ვართ. ზოგი ამბობს, ხელფასი ერთი კვირაში იქნებაო, ზოგი ამბობს, ორ თვეში იქნებაო. ზუსტი პასუხი არ ვიცით, აბრალებენ სხვა კომპანიას, ისინი არ გვიხდიანო. ჩვენ რა შუაში ვართ?“, – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

კომპანია „დ&ტ ენჯინერინგის“ წარმომადგენელი „TV პირველთან“ ამბობს, რომ კვირის ბოლომდე პრობლემა მოგვარდება და თანამშრომლებს დავალიანებას გადაუხდიან. მისივე თქმით, დავალიანების მიზეზი გარკვეული შეფერხებები გახდა.

„გაისტუმრონ ამ კომპანიასთან რაღაც ნაწილი მაინც, რომ ჩვენ ჩვენს ოჯახებში რაღაც თანხები გადავაგზავნოთ და არ ვიფიქროთ იმაზე, ხვალ შვილებს რა ვაჭამოთ… ისევ მივუბრუნდებით ამ საქმეს და დამთავრდება… ამათი საქმეც წინ წავა და ჩვენიც“, – ამბობს პროტესტი ერთ-ერთი მონაწილე „TV პირველთან“.

პროფკავშირების იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მხეიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ როგორც მისთვის ცნობილია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბანკი „ქართუ“ აშენებს, რომელსაც დაქირავებული ჰყავს სამშენებლო კომპანია. „ამ კომპანიას თავის მხრივ ქვეკონტრაქტორი კომპანია ჰყავს, რომელსაც გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებინებს და გაფიცულები სწორედ ამ ქვეკონტრაქტორის მუშები არიან“.

ირაკლი მხეიძის თქმით, დასაქმებულებმა პირობა მიიღეს, რომ კვირის ბოლოს კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ. მისივე თქმით, თუ ასე არ მოხდება, მუშები საკუთარი უფლებების დასაცავად პროფკავშირს მიმართავენ.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდი სწორედ მისი მიმართვით იხსნება.

უნივერსიტეტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ფონდი „ქართუ“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.