ქუთაისში, ერთ-ერთ ქარხანაში მუშა დაიღუპა

პუბლიკა

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ამბიკონ სტილსში” მუშა დაიღუპა. შემთხვევა 10 იანვარს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„პუბლიკასთან“ საუბრისას გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება უჭირთ.

„როგორც ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი მეუბნება, მანდ რამდენიმე დღის წინ ადამიანი გადმოვარდა ამწიდან და გარდაიცვალა. მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენად ჩაკეტილი კომპანიაა, რომ დამატებითი ინფორმაცია ვერ დავაზუსტეთ. თავად მუშებიც არაფერს ამბობენ, კომპანიაც არ გამოდის კონტაქტზე.

მანდ დასაქმებულები შარშან შრომის გაუსაძლის პირობებს აპროტესტებდნენ, ჩვენ მაშინ შრომის ინსპექციას მივმართეთ, კომპანიაში შესულიყო და შეემოწმებინა. რამდენადაც ვიცით, იყვნენ შესული და გარკვეული ვადა მისცეს რაღაცების გამოსასწორებლად, მაგრამ პროცესი სადამდე მივიდა და როგორ დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. სამწუხაროდ, ამ კომპანიაში არ გვყავს, ვერ შევძელით პროფკავშირული ორგანიზაციის ჩამოყალიბება, ვინაიდან კომპანია ამას სასტიკ წინააღმდეგობას უწევს“, – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

როგორც „პუბლიკას” კომპანიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ისინი კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და თუ ამის საჭიროება იქნება, მენეჯმენტი განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.