ქუთაისში გარდაცვლილი 23 წლის თემურ ხადურის დედა დღეს გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრის მოთხოვნით პროკურატურასთან მივიდა.
ნინო გვიშიანი ამტკიცებს, რომ 2024 წელს მისი შვილი სამართალდამცველებმა მოკლეს.
თემურ ხადური დაკარგულად ითვლებოდა 2024 წლის 25 აგვისტოდან, ხოლო მისი ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს.
ოჯახის წევრების თქმით, თემურ ხადურმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა. დადევნებიდან რამდენიმე წუთში მისი კვალი წყდება.
ოჯახი ხადურს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც მწყემსმა მისი ცხედარი მდინარეში იპოვა. ოჯახი ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნის თანახმად, მის ცხედარს დაზიანებები ჰქონდა, თუმცა, დაუდგენელია, როგორ მიიღო მან ეს დაზიანებები.
„პასუხი აგებინეთ ყველა იმ პოლიციელს, საწრაფოდ. არ გავჩერდები, აქცია ქუთაისშიც დასრულდება, სანამ პირში სული მიდგას, იმიტომ დამტოვა ღმერთმა ცოცხალი, რომ ჩემი შვილისთვის ვიბრძოლო. ეს სადიზმია, მკვლელობა კი არა“, – განაცხადა ნინო გვიშიანმა.
მოგვიანებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ ნინო გვიშიანს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე და სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი შეხვდნენ.
უწყების ცნობით, ნინო გვიშიანს მიაწოდეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.
„თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ნინო გვიშიანთან. ასევე, საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებს პროკურატურა.