ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშები აქციას მართავენ

პუბლიკა

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის „ამბიკონ სტილსის“ მუშები აქციას მართავენ. ისინი ხელფასის მატებასა და ქარხანაში არსებული მძიმე პირობების გამოსწორებას მოითხოვენ.

გაერთიანებული პროფკავშირების იმერეთის ოფისის წარმომადგენელმა, ირაკლი მხეიძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მიმართულია იმ დარღვევებისა და სამუშაო პირობების წინააღმდეგ, რომელიც საწარმოში დასაქმებულებს აქვთ. აქციაზე დაახლოებით 200-მდე ადამიანია გამოსული.

მისივე თქმით, საწარმოში დარღვევების მთელი სპექტრია წარმოდგენილი როგორც შრომითი კოდექსის, ასევე შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონთან დაკავშირებით. მხეიძე აღნიშნავს, რომ მუშები დღეში 12 საათს მუშაობენ, ხოლო საწარმოს მენეჯმენტი მათ ზეგანაკვეთურ შრომას არ უნაზღაურებს.

„ეს ადამიანები მუშაობენ ზეგანაკვეთურად,  12 საათს დღეში. ზეგანაკვეთური სამუშაო მათთვის არ ანაზღაურდება. მეორე საკითხია ის, რომ არის ძალიან დაბალი ხელფასი და დიდი ხანია, ეს ადამიანები მოითხოვენ ხელფასების მომატებას, კომპანიის მენეჯმენტს კი არავითარი რეაგირება არ აქვს ამ მოთხოვნაზე“, – ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი.

მხეიძის თქმით, საწარმოში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაც ძალიან მძიმეა.

„სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. საპირფარეშოები იყო ჩაკეტილი. მუშები ამბობენ, რომ ახლახან გაიხსნა საპირფარეშო, ცოტა იყო და ისიც შეზღუდული დროით იყო ხელმისაწვდომი, თუნდაც ხელსაბანი. ამას გარდა სასადილოში, სადაც იკვებებიან ეს ადამიანები, ანტისანიტარიაა. დასაქმებულები აცხადებენ, რომ იმ სიტუაციაში კვება შეუძლებელია“, – თქვა მხეიძემ „პუბლიკასთან“.

პროფკავშირების წარმოადგენლის თქმით, მუშები 12 საათის განმავლობაში სუნთქავენ მძიმე გამონაბოლქვს და საწარმოში არ არის ზომები მიღებული უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად.

„არ არის არავითარი უსაფრთხოების ზომები მიღებული, რომ ან ინდივიდუალური ან კოლექტიური დაცვის საშუალებები იყოს, რათა ამ გამონაბოლქვმა არ მოწამლოს დასაქმებული“, – აღნიშნა მხეიძემ.

პროფკავშირების წარმომადგენელის თქმით, დასაქმებულებს არ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებებიც.

საწარმოში დასაქმებულმა ვაჟა გიორგაძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, თანამშრომლების დაზღვევა,  ტრანსპორტირების პრობლემისა და ჰიგიენური მდგომარეობის მოგვარებაა.

„პირველ რიგში მოვითხოვთ ხელფასების მომატებას და მეორე არის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის სამსახურამდე,  დაზღვევასა და კონტრაქტს. ამასთან ერთად, ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი შიგნით. ელემენტარული სასადილო არ არის. 10 თვის განმავლობაში საპირფარეშოც არ იყო და ახლა გაიხსნა“, – თქვა ვაჟა გიორგაძემ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile