ქვეყანა კარგავს აშშ-ს, როგორც პარტნიორს და ათეულ მილიარდამდე დახმარებას - სამი პარტიის განცხადება

პუბლიკა

სამი პოლიტიკური პარტია – „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ საქართველომ შესაძლოა დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს, რაც თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

პარტიებში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კრიტიკულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ქვეყანა კარგავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პარტნიორს.

„მხოლოდ 2023 წლის ბიუჯეტში 2 მილიარდ ლარამდე ფინანსური დახმარებითა და 45 მილიონ ლარამდე გრანტებით დაგეგმილია სხვადასხვა პროექტის განხორციელება, მათ შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რეგიონური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესება, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება, პოსტ-კოვიდ პანდემიური მდგომარეობის მართვა, აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა, სამელიორაციო სისტემის მოდერნიზაცია, თბილისის მეტროს პროექტი და სხვა.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარებების შედეგია საქართველომ 90-იანი წლების დანგრეული ქვეყნიდან აღდგენა რომ შეძლო. მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტი აჩუქა, ათასობით სტუდენტს დასავლური განათლების უფასოდ მიღების საშუალება მისცა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში განათლების სისტემის განვითარებაზე ასეულობით მილიონის ფულადი რესურსი გამოყო, უდიდესი წვლილი შეიტანა პოლიციელების და ჯარისკაცების პროფესიულ განვითარებაში. ასევე, როგორც ამბობენ, არანაკლებია ევროპული კავშირისა და მასში შემავალი ქვეყნების მხრიდან გაწეული დახმარება საქართველოსთვის.