ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, ჩვენ ავირჩიეთ მართვის გზა - პრემიერი

პუბლიკა

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია ეფექტიანად. მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა – ეს არის მართვის გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია ეფექტიანად. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოკდაუნი“, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც, რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ.

„ამიტომ, მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო. და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა „ფეისბუქის“ და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციასა და ტყუილს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.