საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ქეთევან თურაზაშვილის შეფასებით, ბავშვთა სიღარიბის კუთხით საქართველოში მძიმე მდგომარეობაა და სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. მისი თქმით, არსებული სოციალური შემწეობის სისტემა მოძველებულია და იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს, განახლება სჭირდება.
„მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს სახეა, თუ როგორ ცხოვრობენ ამ სახელმწიფოში ბავშვები და მოხუცები. ერთი მხრივ, ვიცით, რომ ვცხოვრობთ ღარიბ ქვეყანაში, რომელსაც არ შეუძლია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი სწრაფად, 1 და 2 წელში მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს, თუმცა მნიშვნელოვანია, პრიორიტეტები სწორად განსაზღვრონ სახელმწიფო მმართველებმა. უკვე არსებული სოციალური პროგრამები კი მუდმივად უნდა ახლდებოდეს, იმისთვის, რომ მოერგოს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.
დღეს არსებული სახით სოციალური შემწეობის სისტემა მოძველებულია და თვითონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ ის რიცხვი, რაც არის სოციალურად დაუცველების, არარეალურია და სინამდვილეში ამ რაოდენობის სოცდაუცველი არ გვყავს. ესეც ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან გამოდის, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც სოციალური შემწეობა სჭირდება და ვინაიდან პროგრამა არ არის გამართული და სრულფასოვანი, ისეთ ადამიანებს აძლევენ შემწეობას, ვისაც შეიძლება უფრო ნაკლებად სჭირდებოდეს. ცხადია, რომ ამ ფორმით ეს პროგრამა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს“, – ამბობს ქეთევან თურაზაშვილი.
მისივე თქმით, სისტემა ორიენტირებულია მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც მძიმე გამოწვევების წინაშე დგანან, ის ოჯახები კი, რომლებიც ძალიან ახლოს დგანან სიღარიბის ზღვართან, დახმარების მიღმა რჩებიან.
დეპუტატი ამბობს, რომ საჭიროა ერთიანი თვალთახედვისა და პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლების დახმარების მიმართულებით.
„ცხადია, აუცილებელია ამ ოჯახების დახმარება და გაძლიერება. ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი ხედვა და პოლიტიკა მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლების დახმარების მიმართულებით. სახელმწიფო მწირ დახმარებას სთავაზობს მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს და ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი. ყურადღების მიღმა რჩებიან ის ოჯახები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში არ ცხოვრობენ და არანაკლებ უჭირთ.
სახელმწიფოს შეუძლია, შეიმუშაოს ისეთი სისტემა, რომელიც მხოლოდ ფულადი შემწეობის გაცემაზე არ იქნება ორიენტირებული. მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მშობლებს უნდა შევთავაზოთ ისეთი სერვისები, რომელიც ბავშვის ფიზიკურ და საგანმანათლებლო ზრდაზე იქნება ორიენტირებული.
მშობლებისთვის სპეციალური სერვისებია მოსაფიქრებელი, რომ შეძლონ მუშაობა. განსაკუთრებით, მარტოხელა მშობლების შემთხვევაში. იმის გამო, რომ საჯარო სკოლებში შუადღეს მთავრდება დაწყებითი კლასები, მშობელი ანებებს სამსახურს თავს იმიტომ, რომ ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ბავშვის ცხოვრების ხარისხზე.
ვფიქრობ, გახანგრძლივებულები უნდა უფინანსდებოდეს შეჭირვებულ ოჯახებს. დამატებით შესაძლებელი უნდა იყოს შესაბამის საგანმანათლებლო თუ სპორტულ სივრცეებში სწავლა. ასევე, აუცილებელია მშობლებისთვის არსებობდეს სატრანსპორტო შეღავათები როგორც დედაქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტებში“, – ამბობს თურაზაშვილი.
ოპოზიციონერი დეპუტატი ბავშვებისთვის უფასო სასკოლო კვების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, პროექტის განხორციელების პოლიტიკური ნება არ არსებობს, რადგან ბავშვები სახელმწიფოს პრიორიტეტები არ არიან.
„მნიშვნელოვანია, სკოლებში უფასო კვების საკითხი, თუმცა შედეგს ვერ ვაღწევთ, რადგან არ არის პოლიტიკური ნება. ჩვენს ქვეყანას შეუძლია ამ პროექტის განხორციელება – ძალიან ძვირია, თუმცა დათვლილია ყველაფერი. არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, პროექტის დანერგვა შესაძლებელია მაშინაც კი, თუ გათვალისწინებული იქნება ყველა ბავშვი და ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს.
ბევრი სხვა მიმართულებით შეიძლება თანხა დაიზოგოს და ბავშვებს უფასო კვება ჰქონდეთ სკოლებში, რადგან ამ ბავშვების ფიზიკური და გონებრივი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად იკვებებიან და ხომ ზუსტად ვიცით, რომ ოჯახებში, სადაც სიღარიბეა, ყველანაირ დაბალანსებულ კვებაზე ზედმეტია საუბარი.
სამწუხაროდ, პრიორიტეტები არ არიან ბავშვები ამ ქვეყანაში და უბრალოდ არ აკეთებენ, არ იცლიან მაგისთვის და არანაირ რესურსს არ ხარჯავენ“, – აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.