საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არანაირი საფუძველი არ არსებობს. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოში ჯანდაცვის მდგომარეობასთან, ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი ვითარება ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. იცით, რომ გვყავს 30 პაციენტი. ჯანდაცვის სექტორი სრულად აკონტროლებს ამ ეტაპზე ვითარებას. ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა კონტაქტი იყოს დადგენილი და შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი საიმისოდ, რომ ვიფიქროთ ან გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა.
ამდენად, ვაგრძელებთ მუშაობას იმ ჩვეულ რეჟიმში, რომელშიც ვიმყოფებით ბოლო პერიოდში. ვიღებთ თითოეულ იმ ზომას, რომელიც საჭიროა ვირუსის მაქსიმალურად შესაზღუდად და მისი გავრცელების პრევენციისთვის, მაგრამ ეს არანაირად არ აისახება ჩვენი სავაჭრო ქსელების მუშაობაზე, აუცილებელი პროდუქტების მოწოდებაზე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.