ქვეყანაში ვაქცინის 100 ათასზე მეტი დოზაა ხელმისაწვდომი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება და შემზღუდავი ღონისძიებების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებმა რეკომენდაციები უნდა დაიცვან. მან ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში 100 ათასზე მეტი დოზა ვაქცინაა ხელმისაწვდომი.

„ცირკულირებს ვირუსი და გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი? აცრები  უნდა გავაინტენსიუროთ. 100 ათასზე მეტი დოზის მარაგია ქვეყანაში. გავაინტენსიუროთ აცრის პროცესი. დღეში ვცრით 1300-ზე ოდნავ მეტ ადამიანს. გვჭირდება 3-დან 4 ათასამდე აცრილი, ყოველთვიურად, აპრილ-მაისში. დღეს გამოცხადდა, რომ იგეგმება ვაქცინაციის პროცესში ჩართული ჯგუფების გაფართოება. ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ჩაერთვებიან და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანები რომ არ მიდიან ასაცრელად?!“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით 14 ათასამდე ადამიანია უკვე აცრილი. ქვეყანაში ხელმისაწვდომია ორი ვაქცინა – „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“. 15 მარტს საქრთველომ „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია მიიღო – 43 ათასი დოზა ვაქცინის სახით. მარტის ბოლოს კი 14 ათასი ადამიანის სამყოფი „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიდა ქვეყანაში.  აპრილის ბოლოს „კოვაქსის“  პლატფორმიდან ქვეყანა 80 ათასზე მეტ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზას ელოდება.

ასევე აპრილის დასაწყისში საქართველომ  „სინოფარმის“  100 000 დოზა ვაქცინა მიიღო, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაცია ქვეყანა გამოიყენებს მას შემდეგ როცა ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციი ავტორიზაციას მიიღებს.