ქვეყნები, რომელთა მიმართაც კონგრესის კანონპროექტში საქართველოს მსგავსი ჩანაწერია

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ კონგრესში საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ წარდგენილ კანონპროექტში საქართველოს მსგავსი ჩანაწერი კოლუმბიის ნაწილშიც გვხვდება.

საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესახებ დოკუმენტში თანდართულია წინაპირობა – დახმარების 15% შესაძლოა არ გაიცეს იქამდე, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს.

მსგავს ჩანაწერს ვხვდებით კოლუმბიისთვის ფინანსური დახმარების წინაპირობების შესახებ კანონპროექტის ქვეთავში.

დოკუმენტის მიხედვით, კოლუმბიისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 457 253 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ამ სახსრების 20% შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მდივანი შესაბამის კომიტეტებს მოახსენებს, რომ კოლუმბიის ხელისუფლება:

ა) კვლავ აგრძელებს ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით დადებული შეთანხმების პირობების შესრულებას.

ბ) უზრუნვეყლოფს ადამიანის უფლებადამრღვევთა პასუხისგებაში მიცემას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

გ) ქმედითან უშლის ხელს სამოქალაქო აქტივისტებზე, ასევე ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებათა აქტივისტებზე განხორციელებულ თავდასხმებს და უზრუნველყოფს დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას.

დ) უზრუნველყოფს აფრო-კოლუმბიელი მოქალაქეების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხოებას და ა.შ.

დოკუმენტი მსგავს ჩანაწერებს შეიცავს ჰონდუარსის, სალვადორის,  გვატემალას, შრი ლანკის, ფილიპინებისა და ეგვიპტისთვის გათვალისწინებული ფინანსური დახმარების ნაწილშიც.