ქვეყნები, რომლებიც რუსეთს სანქციებს უწესებენ

პუბლიკა

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას დასავლეთი სანქციებით პასუხობს. ევროკავშირის, კანადის, იაპონიისა და აშშ-ის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ეს სანქციების პირველი ეტაპია და თუკი რუსეთი თავის ქმედებებს გააგრძელებს, სანქციებიც გამკაცრდება:

იაპონია

პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონია სანქციებს აწესებს რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის მიუღებელი ხელყოფის გამო.

იაპონიის სანქციები მოიცავს რუსული აქციების აკრძალვას; ასევე, რუსეთის ზოგიერთი მოქალაქის აქტივები გაიყინება და მათ იაპონიაში მოგზაურობაც აეკრძალებათ. პრემიერ-მინისტრის თქმით, მეტი დეტალი სანქციების შესახებ მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.

გერმანია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება გერმანიამ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო.

შოლცმა აღნიშნა, რომ სერტიფიცირების პროცესის განახლება რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული.

Nord Stream 2 -ის გაზსადენით რუსული ბუნებრივი აირი გერმანიას უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით უნდა მიეღო.აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე არაერთხელ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მაშინ  Nord Stream 2 არ ამუშავდება.

აშშ

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესდა ორ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას VEB-სა და „პრომსვიაზბანკს“, რომელიც რუსი სამხედროების ბანკის სახელითაა ცნობილი.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი გადაწყვეტილებით, სანქციების პირველივე ტალღაში მოჰყვებიან რუსული ფინანსური ინსტიტუტები, სანქცია შეეხება რუსეთის საგარეო ვალს, რის შემდეგაც რუსეთი დასავლეთის ფინანსური ბაზრიდან ფინანსებს ვეღარ მიიღებს, ასევე სანქციები შეეხება რუსულ ელიტას და მათ ოჯახებს.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ სანქციების რაოდენობა გაიზრდება, თუკი რუსეთი თავდასხმებს გააგრძელებს.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთი გენადი ტიმჩენკოსა და კიდევ 2 მილიარდერს – ძმებ იგორ და ბორის როტენბერგებს სანქციებს უწესებს. აღნიშნულ პირებს ახლო კავშირი აქვთ პუტინთან. მილიარდერების აქციები ბრიტანეთში გაიყინება და ასევე აეკრძალებათ მოგზაურობა. სანქციები დაეკისრება 5 ბანკსაც – Rossiya, Genbank, Promsvyazabank და Black Sea Bank.

ევროკავშირი

ევროკავშირმა რუსეთის დუმის წევრებს, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა, მათ შორის იმ ბანკებს, რომლებიც სეპარატისტულ მოქმედებებს აფინანსებენ აღმოსავლეთ უკრაინაში.

Reuters-ის ცნობით, სანქციები, რომლებიც, როგორც წესი, მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას გულისხმობს, რუსეთის დუმის ქვედა პალატის ყველა წევრზე გავრცელდება.

Euronews-ის განმარტებით, სანქცია დუმის ყველა იმ დეპუტატს (351) დაუწესდება, ვინც მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას.

კანადა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სანქციების პირველი ეტაპის შესახებ განაცხადა, რომ ხელისუფლება კანადის მოქალაქეებს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწფოებთან ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას შეუზღუდავს. ამასთანავე კანადა სანქციებს აწესებს რუსეთის სუვერენულ ვალზე.

ტრუდომ აღნიშნა, რომ მთავრობა სანქციებს დაუწესებს იმ რუს დეპუტატებს, რომლებმაც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირეს მხარი. მისივე თქმით, კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს იმ ორი რუსული ბანკის წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო უმაგრებს ზურგს და მათთან ყოველგვარ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს.

ავსტრალია

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დააანონსა სამოგზაურო და ფინანსური სანქციები რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრის წინააღდეგ. ასევე, მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაწესდება სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების წინააღმდეგ. ავსტრალია სანქციებს დაუწესებს რუსულ ბანკებსაც.