ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილებზე არ დგას - გახარია

პუბლიკა

კახეთში ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა  სენატორების წერილზე დაუსვეს შეკითხვა. ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და სახაზინო დეპარტამენტის მდივანს, სტივენ მნუნიჩს წერილი მისწერეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების შევიწროებაზეა საუბარი. წერილის შესახებ ცნობილი 16 მაისს გახდა.

„რა ირანულ ნავთობზეა საუბარი, წარმოდგენა არ მაქვს. ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება და ერთადერთი ფაქტი, რაც ამ წერილშია, არის კონკრეტულ კომპანია, რომელიც  კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად დამარცხდა. ერთი რამე იცოდეთ, თუნდაც საერთაშორისო, ან ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომელთანაც ჩვენ არბიტრაჟში დავა უკვე მოვიგეთ, ვერცერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ. ვერც შიდა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ ამის გამოყენება ვერანაირად ვერ უნდა სცადოს. საქართველოს არის ის ქვეყანა, რომელმაც 5 წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა კოპერირება ევროანტლანტიკური მიმართულებით. დღეს ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან ისეთია, როგორიც არასოდეს ყოფილა. ჩვენ დღეს ავღანეთში ისე ვართ წარმოდგენილი, როგორც არ არის წარმოდგენილი ჩვენი ზომის არცერთი დასავლეთევროპული ქვეყანა. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა ამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სენატორების წერილში, ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ამერიკული ბიზნესების გაძევებითაა დაინტერესებული. წერილის ავტორები პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირზეც საუბრობენ, როგორც საქართველოს ხელისუფლების ქმედებების ერთ-ერთ მოტივატორზე.

სენატორები და კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ-ის მტრებთან საქართველოს კავშირის გამო, რაც, მათი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ მიზნებს ეწინააღმდეგება.