ქვეყნის მასშტაბით გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციები გაიმართა

პუბლიკა

დღეს თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად სამედიცინო საზოგადოების მიერ ინიცირებული თეთრი ხალათების აქცია გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქცია საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ კლინიკაში გამართეს. მას შეურთდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკები.

აქცია გაიმართა სხვადასხვა უნივერსიტეტებშიც და ბათუმში.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 15 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო უწყება მას „საზღვრის“ განზრახ უკანონო გადაკვეთას ედავება.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

გუშინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდება.