ქვეყნის მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია, რომელთა ნაწილი რეკომენდაციებს აკმაყოფილებს - მთავრობა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საბჭოს წევრებმა განიხილეს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი, რომელიც დღეიდან განხორციელდა. აღინიშნა, რომ ბათუმსა და ქუთაისში შესვლა, ისევე, როგორც ამ ქალაქებიდან გასვლა შესაძლებელია თავისუფლად, თუმცა ადგილზე რჩება სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.

ამასთანავე, აღინიშნა, რომ აქტიურად გაკონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი იმ ობიექტებზე, რომელთაც მუშაობის განახლების უფლება მიეცათ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე შემოწმებულია 1 344 კომპანია, რომელთა ნაწილი გაცემულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს, ხოლო ის ობიექტები, რომლებსაც სათანადო უსაფრთხოების წესები უზრუნველყოფილი არ აქვთ, მუშაობის განახლების უფლების მიღებამდე დამატებით შემოწმდებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ღონისძიებების შემდგომი შემსუბუქების საკითხები და ის მიმართულებები, რომელთა ამოქმედება შესაძლოა, გეგმით გათვალისწინებულზე უფრო ადრე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განხორციელდეს. მათ შორის, საუბარია თბილისისა და რუსთავის გახსნაზე, რის შესახებაც გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებენ.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 9 630 მოქალაქე, ხოლო 18 857 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.