ქვიარ-ორგანიზაციები 17 მაისს განცხადებით ეხმაურებიან

პუბლიკა

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წელს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, რასაც ჰომოფობიური დატვირთვა აქვს. 1 წლით ადრე, 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა ძალადობრივად დაარბიეს ლგბტქ აქტივისტების მცირერიცხოვანი და მშვიდობიანი აქცია, რომელიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ეხებოდა.


17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ქვიარ-ორგანიზაციებმა – „ქვიარ ინიციატივა”, „თბილისი პრაიდი”, „თემიდა” და grlzwave, ისინი ქვიარ ადამიანების მედეგობაზე, ხანგრძლივ წინააღმდეგობასა და ურთიერთზრუნვაზე საუბრობენ. 

„მიუხედავად ძალადობის, დევნისა და ჩაგვრისა, ქვიარ ადამიანები კვლავ ვქმნით სივრცეებს, სადაც ერთმანეთის დანახვა, სოლიდარობა და თავისუფლება შესაძლებელია. სათემო შეხვედრებზე, კლუბურ სივრცეებში, პროტესტის წინა ხაზებზე თუ ემიგრაციაში – ყველგან ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ.

ქვიარ ადამიანებს ისტორიულად გვიწევდა მტრულ გარემოში არსებობა. ამიტომ ვიცით, როგორ გადავრჩეთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და როგორ შევინარჩუნოთ ადამიანურობა ყველაზე რთულ პირობებშიც.

2013 წლის 17 მაისს ქვიარ თემზე თავდასხმა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ძალადობა და ჩაგვრა ხელისუფლების პოლიტიკური ნება ყოველთვის იყო. ჩვენს სხეულებზე იწვრთნებოდა ის ავტორიტარიზმი, რომელიც დღეს უკვე მთელი საზოგადოებისთვისაა ხილული.

ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სცადა, ქვიარ ადამიანები საჯარო სივრცეებიდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ.

გაძლიერდა სიძულვილი, ცენზურა და დევნა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უარს ვამბობთ სასოწარკვეთაზე.

ყოველი ავტორიტარული რეჟიმი წარმავალია. ჩვენ ერთმანეთს ვინარჩუნებთ.

ზოგჯერ გადარჩენაც ბრძოლის ფორმაა. ჩვენი წინააღმდეგობა მხოლოდ უფლებებისთვის ბრძოლა არაა – ის სიყვარულიცაა, სიხარულიც და თავისუფლების სურვილიც”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ავრცელებს „თანასწორობის მოძრაობაც”. მათი თქმითაც, სირთულეების მიუხედავად კვლავ აგრძელებნ ერთმანეთის მხარდაჭერას.

„ოჯახი ყველასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი დასაყრდენია, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარ მოქალაქეებისთვის სოციალური დაცვისა და უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება. ამის ნაცვლად, თვალთმაქცურად წაქეზებული სიძულვილის გამო, ლგბტ+ თემის წევრები ხშირად სწორედ ოჯახური ზრუნვის, მხარდაჭერის და თანადგომის პრივილეგიას ვართ მოკლებული.

ოჯახური და საზოგადოებრივი თანადგომის დანაკლისის ამოვსებას ლგბტ+ სათემო ორგანიზაციები წლებია, ვცდილობთ. დაარსების დღიდან „თანასწორობის მოძრაობამ” ათასობით ადამიანს გაუწია სამედიცინო, ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი დახმარება. დაბრკოლებების მიუხედავად, მოვახერხეთ, დაგვენერგა და შეგვენარჩუნებინა ზრუნვისა და მხარდაჭერის კულტურა, რომელიც შრომას, სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.

სამწუხაროდ, ლგბტ+ ადამიანების უფლებების, ფიზიკური უსაფრთხოების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შემსუბუქების შესაძლებლობები ბოლო წლებში სწრაფი ტემპით უჩინარდება. 2024 წელს მიღებული „ანტი-ლგბტ+” კანონის მიღებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ანტი-დასავლური და რეპრესიული სამართლებრივი სისტემის მშენებლობაში, რითაც საქართველოს გეოგრაფიული კონტურები პრორუსული ავტორიტარიზმის რუკაზე მკაფიოდ გამოკვეთა, ხოლო ჩვენს ნაშენებ ზრუნვის სერვისებზე მსუსხავი ეფექტი იქონია.

სირთულეების მიუხედავად, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ერთმანეთის სიყვარულით კვლავ გავაგრძელებთ ერთმანეთის მხარდაჭერას.

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებთ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ პროტესტში მყოფ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებსა და ოჯახებს, რომელთა მხარდაჭერა უნდა იყოს ოჯახების კეთილდღეობაზე მზრუნველი სახელმწიფოს თუ ეკლესიის უპირველესი მიზანი.

სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონოდ დატყვევებულ სინდისის პატიმრებს და უსამართლობასთან მებრძოლ ყველა ადამიანს.

გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ჩვენთან ერთად შეძლებს პოლიტიკური არენიდან გააძევოს საქართველოსთვის არაორგანული ჰომო, ბი, ტრანსფობიური ზიზღი და სიძულვილი!”, – წერია განცხადებაში.