რა არის Clubhouse | ახალი სოციალური ქსელი პოპულარული ხდება

პუბლიკა

ახალი აპლიკაცია – Clubhouse საქართველოსა და მსოფლიოში პოპულარული ხდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პლატფორმაზე ილონ მასკიც გამოჩნდა. ამ სოციალურ ქსელს სხვა პლატფორმებისგან აუდიოჩატის ფუნქცია განასხვავებს. მომხმარებელს შეუძლია, მოუსმინოს საუბარს, ინტერვიუს და მათთვის საინტერესო ადამიანებს შორის სხვადასხვა საკითხზე გამართულ დისკუსიას.

Clubhouse-ზე რეგისტრაცია მხოლოდ პლატფორმის მომხმარებლის მხრიდან მიწვევის შემთხვევაშია შესაძლებელი. უბრალოდ, გადმოწერით პლატფორმაზე შეღწევას ვერ მოახერხებთ.

რეგისტრაციის დროს ირჩევთ ინტერესის სფეროებს, მაგალითად, ტექნოლოგიებს, ლიტერატურას, ბიზნესს, ჯანმრთელობასა და სხვას. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდით აპლიკაციას თქვენი ინტერესების შესახებ, მით უფრო მეტ სასაუბრო ოთახსა თუ ადამიანს შემოგთავაზებთ ალგორითმი.

სასაუბრო ოთახები საკონფერენციო ზარის მსგავსია – რამდენიმე ადამიანი საუბრობს და უმეტესობა უსმენს. როგორც კი საუბარი სრულდება, ოთახიც იხურება.

სოციალური ქსელის წევრებს მოწვევის გაგზავნა თავდაპირველად მხოლოდ ორი ადამიანისთვის შეუძლიათ, თუმცა, როგორც აპლიკაციის შემქმნელები ამბობენ, 2021 წლის გეგმის მიხედვით, აპლიკაცია სრულფასოვნად მალე დაიწყებს მუშაობას და მთელი მსოფლიოსთვის გახდება ხელმისაწვდომი.

როგორც The Guardian წერს, 2020 წლის მარტში შექმნილი სტარტაპი უკვე 1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული და AirBnb-ის, Uber-ისა და SpaceX-ის მსგავს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. Clubhouse განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჩინეთში, სადაც Facebook-ისგან განსხვავებით, ეს ქსელი ცენზორების ყურადღების მიღმა დარჩა.