„რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?“ - პოდოლიაკი ღარიბაშვილს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს.

„მოხალისეობრივად არავინ ეწერება რიგში, რომ რუსული რაკეტებით დაიღუპოს. უკრაინა იხდის საშინელ ფასს ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის.

ევროკავშირი იხდის ძვირ ფასს, რათა დაიცვას საკუთარი ცივილიზაცია. ღირებულებები მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ში.

„თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ- უკრაინას და მოლდოვას“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის მთავრობის სხდომაზე.

„რომ იძახიან უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს სტატუსი, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ და ეს ვთქვი საჯაროდ ყველგან. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებელ სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.