რა ასაკში და რა ანამნეზით დაიღუპა კორონავირუსით 9 პაციენტი საქართველოში

პუბლიკა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად 604 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 240 გამოჯანმრთელდა, 9 – გარდაიცვალა.

პირველი პაციენტი კორონავირუსისგან საქართველოში 4 აპრილს გარდაიცვალა. ის იყო 79 წლის ქალი. 

პაციენტი 31 მარტს კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა მაშინ განმარტა, პაციენტთან ანამნეზში იყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მკვეთრი წონის დეფიციტი. კლინიკური კვლევების შედეგად ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორიული დისტრესი, საავადმყოფოში შეყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი, თერმოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაიწყო მკურნალობა.

„მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ შემთხვევაში აღმოჩნდა უეფექტო, მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე. თანდართული ანამნეზით კახექსიის, არტერიული ჰიპერტენზიის, მკვეთრი წონის დეფიციტის დროს, არა მარტო კოვიდინფექციამ, არამედ, ნებისმიერმა ვირუსულმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი პაციენტების დამძიმება და სამწუხაროდ, მაღალი ლეტალობა“, – განმარტა ლევან რატიანმა.

მეორე პაციენტი 5 აპრილს გარდაიცვალა. ის იყო 81 წლის ქალი.

პაციენტი საავადმყოფოში „უკიდურესად მძიმე“ მდგომარეობით გადაიყვანეს. ექიმის, ლევან რატიანის განმარტებით, მისი მდგომარეობა განპირობებული იყო თანმხლები გადატანილი დაავადებებით – გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. „აღნიშნული ასაკი და აღნიშნული პათოლოგია მიეკუთვნება მაღალი გართულების რისკს“, – განაცხადა რატიანმა.

მესამე პაციენტი 7 აპრილს გარდაიცვალა. ის იყო 86 წლის ქალი. 

„პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინკაში“, – განაცხადა მაშინ ინფექციური საავადმყოფოს გენარალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, პაციენტს  ჰქონდა თანმხლები მძიმე ნევროლოგიური დაავადება. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, რაც შეფასებული იყო მაქსიმალური, 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი აღარ იყო დარჩენილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და სხვა გართულებები. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა – „ექიმებმა ყველაფერი და კიდევ უფრო მეტიც გააკეთეს, რაც ადამიანს შეუძლია, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი აღმოჩნდა სიცოცხლესთან და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – თქვა ცერცვაძემ.

მეოთხე პაციენტი 18 აპრილს გარდაიცვალა. ის იყო 74 წლის ქალი.

პაციენტის ინფიცირება ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა. პაციენტი ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ 8 აპრილიდან მკურნალობდა. ის 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმის თქმით, პაციენტს თანხმლები დაავადებები ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, აბსესები და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეხუთე პაციენტი 22 აპრილს გარდაიცვალა. ის 68 წლის კაცი იყო.

პაციენტის ინფიცირება  ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდებოდა. ინფიცირებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, იმყოფებოდა აპარატულ სუნთქვაზე.

„პაციენტს ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა. სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური შოკი, სეფსისი. სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“ , – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მეექვსე პაციენტი 26 აპრილს გარდაიცვალა. ის იყო 83 წლის კაცი. 

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ლევან რატიანის განმარტებით, პაციენტს ჰქონდა ქრონიკული პათოლოგიები. ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ყველა სარქველის ნაკლოვანებით იყო.

მეშვიდე პაციენტი 1 მაისს გარდაიცვალა. ის იყო 83 წლის კაცი.

გარდაცვლილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილის შემდეგ მკურნალობდა. კლინიკის წარმომადგენლის განმარტებით, მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.

მერვე პაციენტი 2 მაისს გარდაიცვალა. ის 71 წლის ქალი იყო. 

პაციენტი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის წარმომადგენლის განმარტებით, გარდაცვლილ ქალს ძალიან ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა – „არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე. გადატანილი ჰქონდა ინფარქტი. გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება, მძიმე ფორმით. ასევე, განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი“.

მეცხრე პაციენტი 3 მაისს გარდაიცვალა. ის 57 წლის ქალი იყო. 

ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტს საავადმყოფოში 3 კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ.  რატიანი ამბობს, რომ მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„ინფიცირების შემდეგ განუვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე პნევმონია, მწვავე სეფსისი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა“, – განაცხადა რატიანმა.