„რა ჩარევა სჭირდება სააკაშვილს ისეთი, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები მოითხოვენ მის გადაყვანას?“ - თალაკვაძე

პუბლიკა

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს სააკაშვილი იმყოფება  მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია ყველა საბაზისო აპარატურით.

„რაც შეეხება ოპოზიციონერების რიტორიკას, ზოგიერთი კოლეგა გამოვიდა ძალიან შეწუხებული, რომ რა ხდება ამ ქვეყანაში, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვილაპარაკოთო. მართლა გინდათ, საქმეზე ვილაპარაკოთ? რაღაც მედიაზე არ გეტყობათ, რომ მართლა ეს საკითხები გაინტერესებთ. ერთს ლაპარაკობთ, მეორეს აკეთებთ.“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში ყველა საჭირო აპარატურაა და ასევე მობილიზებული სამედიცინო პერსონალი, რომელსაც შეუძლია მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი და მოვლა.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტრასბურგმა პირდაპირ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ჰკითხა სახელმწიფოს, რამდენად არის მზად, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ უზრუნველყოს ის სამედიცინო მომსახურებით.

დღეს სააკაშვილი იმყოფება მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ჩვენი ინფორმაციით აღჭურვილია ყველა საბაზისო აპარატურით და შესაბამისი პერსონალით, რომელიც მზად არის მიმდინარე და კრიტიკული სიტუაციებისთვის.

მაინც მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორე კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით: რა სამედიცინო ჩარევა სჭირდება სააკაშვილს ისეთი, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები მოითხოვენ მის გადაყვანას სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. რა არის ეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჩარევა?

დღემდე არც დაცვის მხარისგან და არც თანამებრძოლებისგან არ მოგვისმენია. ადამიანს, რომელიც დღეს სხდომას არ ესწრება, ერთ-ერთ მიტინგზე წამოსცდა, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, რომ სააკაშვილი ჯერ კლინიკაში გადავიყვანოთ და შემდეგ გავათავისუფლოთო – ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სამედიცინო საჭიროებები და პოლიტიკური ამოცანები. ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც მისი გუნდი, მის ჯანმრთელობას პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს.“ – განაცხადა თალაკვაძემ.