რა ცვლილებები იგეგმება სივრცით კოდექსში

ქრისტინე მუჯირი

ნინო წილოსნის, ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვირაიასა და სხვა პარლამენტარების მიერ პარლამენტში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

რა ცვლილებები იგეგმება ინიცირებული კანონპროექტით?

„პუბლიკა“ ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ხელმძღვანელს, ანანო ცინცაბაძეს ესაუბრა.

ანანო ცინცაბაძე აცხადებს, რომ ინიცირებულ კანონპორექტში არის რიგი საკითხები, რომლებიც საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს. მაგ: ზონალური შეთანხმება და კოეფიციენტების მატება.

ზონალური შეთანხმება:

ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ სივრცითი კოდექსი 2018 წლის ივლისში მიიღეს და მაშინ სივრცითი კოდექსი და კანონქვემდებარე აქტები ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა მოსულიყვნენ.

მისი თქმით,  „ზონალურ შეთანხმებას (რომელიც ბოლო წლებში ხელს უწყობდა ქალაქის დამახინჯებასა და ყველა აკრძალვის თავიდან არიდებას ), კანონი , ანუ სივრცითი კოდექსი აღარ ითვალისწინებს“. მაგრამ ის აღნიშნავს, რომ ზონალურ შეთანხმებას ითვალისწინებს კანონქვემდებარე საკრებულოს აქტი – განაშენიანების რეგულირების წესები.

„ამ „გაუგებრობის“ გასასწორებლად კანონიდან, სივრცითი კოდექსიდან იღებენ მუხლს, რომლის თანახმადაც: „პარკში, ბაღში, სკვერში და სხვა, მსგავს სივრცეში დაუშვებელია ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელსაც არ აქვს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა“

„იერარქია არის ასეთი, რომ საქართველოს კანონს ემორჩილება ყველა კანონქვემდებარე აქტი. სივრცითი კოდექსი არის საქართველოს კანონი. განაშენიანების რეგულირების გეგმა კანონქვემდებარე აქტია – ის უნდა ექვემდებარებოდეს კანონს, ანუ სივრცით კოდექსს და არა პირიქით“, – გვეუბნება ცინცაბაძე.

მისი თქმით, თბილისის მერმა კახა კალაძემ შეცვალა პრაქტიკა და თბილისში შემცირდა ზონალური შეთანხმებები, თუმცა კალაძემ კანონქვემდებარე აქტიდან ვერ ამოიღო ზონალური შეთანხმება.

„კალაძემ კანონიდან ვერ ამოიღო ზონალური შეთანხმება, რაც ნიშნავს შემდეგს – ხვალ რომ კალაძეს შეიცვალოს დამოკიდებულება,  ან მის ადგილას სხვა მოვიდეს, მას შეუძლია ზონალური შეთანხმებები ისევ დაუშვას სარეკრეაციო ზონა 2-ში.  მაგ: დაუშვას  სასტუმროს მშენებლობა“, – ამბობს ცინცაბაძე.

ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ბაღში, პარკში, სკვერში სამართლებრივად შესაძლებელი გახდება, გაიცეს ნებართვა ისეთი ტიპის მშენებლობაზე, როგორიც  სასტუმროა.

„სწორედ ამ სამართლებრივ შესაძლებლობას ასწორებენ ახლა, რომ არანაირი დაბრკოლება არ შეექმნას. ახლა იმ მუხლის ამოგდება სურთ, რომელიც ოდესღაც სივრცით კოდექსში გაიპარა“, – გვეუბნება იურისტი.

დღეს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ქუჩაზე, მოედანზე, პარკში, სკვერსა და მსგავს სივრცეში მშენებლობა აკრძალული იქნება და ამ მუხლს სივრცით კოდექსში არ შეცვლიან. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. თუმცა შესაბამისი ცვლილება პარლამენტის საიტზე ჯერ არ ასახულა.

კოეფიციენტების ცვლილება

2019 წლის თებერვალში თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ  თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღიკვეთება კოეფიციენტების  მატება და კ2 კოეფიციენტის გაყიდვა.

კ-2 განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს; ცალკეულ ზონაში, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სართულების იატაკის ზედაპირების ჯამურ ფართობს.

ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ კოეფიციენტების ცვლილებები კიდევ ერთი საკითხია, სადაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის კანონი და კანონქვემდებარე აქტი.

მისი თქმით,  განაშენიანების რეგულირების წესებმა კოეფიციენტების ცვლილებები მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში შეზღუდა.

„მერიაში ამბობენ, რომ აიკრძალაო, მაგრამ მე ვამბობ, რომ შეიზღუდა, რადგან  არსებობს ბევრი გამონაკლისი.  სწორედ ამიტომ მაინც შეუძლიათ განახორციელონ ცვლილება – შეცვალონ კოეფიციენტები ამ გამონაკლისებზე დაყრდნობით“, – გვეუბნება ცინცაბაძე.