„ხელოვნების მუზეუმის გამაგრება უნდა დაჯდეს არანაკლებ 20 მილიონი. ვინაიდან ეს შენობა, პრაქტიკულად, წყალზე დგას “, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ხელოვნების მუზეუმში არსებული ვითარება მძიმე იყო და ის ასეთ მდგომარეობაში ჩაბარდა კულტურის სამინისტროს.
როგორც მინისტრმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, დღემდე არ წარმოებულა სრულფასოვანი კვლევა შენობის მდგომარეობის შესახებ და ის კულტურის სამინისტრომ ჩაატარა.
„ვნახეთ, რომ გეოლოგიური, კონსტრუქციული, ჰიდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევების შესაბამისად, ეს შენობა, რეალურად, ნგრევის პირას არის მისული. ამიტომ შარშანდლიდან დამტკიცებულია ევაკუაციის გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
პრემიერის თანხმობით, პრემიერისვე ინიციატივაში ამ შენობის გამაგრების პროექტიც და რეაბილიტაციის პროექტიც არის შეტანილი. რაც შეეხება გამაგრების პროექტს, ჩვენ შარშან შევისყიდეთ ის. გვაქვს ხარჯთაღრიცხვაც, რომლის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ფასები იქნება ბაზარზე, ეს უნდა დაჯდეს არანაკლებ 20 მილიონი, თუ არა მეტი, ვინაიდან ეს შენობა, პრაქტიკულად, დგას წყალზე. კონსტრუქტორები გვეუბნებიან (შესაბამისი გამაგრების პროექტის მიხედვით), რომ რამდენიმე ათეული ხიმინჯი იქნება მოსაწყობი, რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზეა სამუშაო და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შრომის უსაფრთხოების საკითხებიც“, – თქვა წულუკიანმა.
მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობა ორ ნაწილად არის დაყოფილი. მთავარი კორპუსი, რომლის ფასადიც პუშკინის პარკში გადის და მეორე კორპუსი. წულუკიანის თქმით, მთავარი კორპუსის, ანუ ძველი კორპუსის რეაბილიტაცია წელს დაიწყება, მეორე კორპუსში კი სამინისტროს სახსრებით უკვე დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„მეორე კორპუსში 2 სართული უკვე რეაბილიტირებულია. რეაბილიტირებულ მუზეუმში, 660 კვ.მ-ზე მოეწყობა ლაბორატორია, რომლის მსგავსიც ქვეყანაში, ჯერჯერობით, არ არსებობს და ეს იქნება პირველი, ამ საკითხზე ვთანამშრომლობთ ფარჯიანის ფონდთან.
მეორე კორპუსის რეაბილიტაცია გაისად დასრულდება, ხოლო ძველ კორპუსს 3-4 წელიც შეიძლება დასჭირდეს. ჩვენ გაისად უკვე გვექნება ხელოვნების მუზეუმის დაახლოებით 2000 კვ. მ. საგამოფენო სივრცე და ეს ლაბორატორია. რა თქმა უნდა, საოფისე ფართიც და ფონდებისთვის სივრცეებიც.
ლაბორატორია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ, ჩვენს ქვეყანაში ამა თუ იმ ნიმუშის ავთენტურობა დავადგინოთ და დავათარიღოთ ფერწერული ტილოები, ქანდაკებები და ა.შ“, – თქვა მან.
წულუკიანის თქმით, გარკვეული ლაბორატორიული შესაძლებლობები არსებობს ჯანაშიას მუზეუმში, მაგრამ იქ მუშაობა მიმდინარეობს არქეოლოგიური და მომიჯნავე მიმართულებებით. ხელოვნების მუზეუმის ლაბორატორია, მინისტრის თქმით, ამ წლის მეორე ნახევრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
18 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაიწყება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია.
თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ხელოვნების მუზეუმის შენობის ფიზიკური მდგრადობის საკითხი. ამას წინ უძღოდა მინისტრის განცხადებები, რომ ხელოვნების მუზეუმი „ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა“.
მინისტრის განცხადებების შემდეგ გამოქვეყნდა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების“ შესახებ კვლევა, რომელშიც საუბარი იყო შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზეც“.
მინისტრის ამ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებს საზოგადოების, სპეციალისტების მწვავე შეფასება და პროტესტი მოჰყვა. დარგის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კულტურის მინისტრად წულუკიანის დანიშვნამდე არსებობდა შენობის რეაბილიტაციისა და ექსპონატების ევაკუაციის გეგმა, რომელზეც ეროვნული მუზეუმის გუნდი ექსპერტებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა და რომელიც წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ უარყვეს.
სამინისტრომ ევაკუაციის ახალი გეგმა დაამტკიცა. მალევე შენობიდან გადაიტანეს ექსპონატები, მათთვის შეუსაბამო გარემოს საფუძვლით. ევაკუაციის ახალ გეგმას არ იწონებდნენ მუზეუმცოდნეები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვადასხვა დარგის ექსპერტები.
პერიოდულად ხელოვნების მუზეუმსა და სამინისტროსთან მიმდინარეობდა აქციები, რის შემდეგაც სამინისტროს მხრიდან შენობის „არარენტაბელურობაზე“ საუბარი შეწყდა.
ევაკუაციის გეგმის დამტკიცებას წინ უძღოდა შპს „კარიატიდას“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც 1 ივლისით არის დათარიღებული. სამინისტრო აცხადებს, რომ დასკვნის მიხედვით, „მხოლოდ შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი“.
პერიოდულად ხელოვნების მუზეუმსა და სამინისტროსთან მიმდინარეობდა აქციები, რის შემდეგაც სამინისტროს მხრიდან შენობის „არარენტაბელურობაზე“ საუბარი შეწყდა.