რა დავაკელით ამ რეზოლუციას? ის, რომ არ ვთქვით, რომ ის ცუდი ბიჭი ისა? - ვოლსკი

პუბლიკა

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის არხსენების საკითხზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ 1 თებერვალს „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მდგომარეობაშია და არც ჩვენს და არც დასავლელი პარტნიორების ინტერესებში არ შედის ახალი ცხელი წერტილის გაჩენა საქართველოში. ვოლსკის მტკიცებით, ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს პოზიცია კარგად ესმით.

„რა დავაკელით ამ რეზოლუციას? ჩვენ არ აღვნიშნეთ, რომ ნატო და ევროკავშირი არის ჩვენი მთავარი მიწრაფება, არ აღვნიშნეთ ის, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს ყველამ, ვინც ამ საკითხშია ჩარეული? თუ  რა თემა დავაკელით? ის რომ თითი არ დავუქნიეთ და არ ვთქვით რომ ის ცუდი ბიჭი ისა? შეაგინეო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს. შესაგინებელი კი არის, მაგრამ რეალურად სიტუაცია, რომელიც შეიქმნა დღეს და იმ ფრონტის ის ნაწილი, სადაც ჩვენ ვდგავართ, ახალი ცხელი წერტილი იქ არ უნდა შეიქმნას. აქედან გამომდინარე, ვმსჯელობთ იმაზე, როგორი უნდა იყოს რეზოლუცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, პარლამენტის ერთადერთი მიზანი უკრაინის მხარდაჭერა იყო და არა „რეზოლუცია, რომელიც ქარიშხალს იწვევს საქართველოსკენ“.

„გვთავაზობენ ისეთი ტყვიის ჩამოსხმას, რომელიც ვითომ უნდა ესროლონ რუსეთს და ამ დროს შეიძლება გულის ფიცარი შეგვინგრიოს საქართველოს აქეთ“, – თქვა მან.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საქართველო აღმოჩნდეს დაძაბულობის ახალი კერა, ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მოლოდინშია, რომ ქვეყანა საფრთხის ქვეშაა.

„რასაკვირველია, ყოველდღიურად, ჩვენ ამით ვდგავართ ჩვენ, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით მუდმივ პროცესში ვართ იმის, რომ სულ გვაქვს ალარმი ჩართული, რომ საქართველო საფრთხის ქვეშაა და ამავე დროს რუსეთთან გარკვეულ ფორმატში ვმუშაობთ. რას გვეუბნებიან ნაცმოძრაობის მესვეურები? შეწყვიტეთ ყველანაირი ურთიერთობა ეკონომიკურ ფორმატში. სულ არაა რუსეთის ტანკის შემოსვლა საჭირო იმისთვის, რომ მთელ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს, თუკი იმ საკითხებთან დაკავშირებით, შეზღუდული რაოდენობაა ამ საკითხების, არ ვიქნებით ინტერქტიურ პროცესში ჩართული.

მაგრამ ესეც მყიფეა. ჩვენ ვართ NATO-ს წევრობის კანდიდატი, ასპირანტი ქვეყანა და ის დაძაბულობა, რომელიც დღეს მსოფლიოში შეიქმნა, ეს არაა ის ომი, რომელშიც შეიძლება საქართველომ ხელი გამოიღოს და გადამწყვეტი როლი ითამაშოს, მით უმეტეს, რეზოლუციაში, რომელიც ფურცელზე მნიშვნელოვანი დეკლარაციაა, მაგრამ შესაძლოა, ვინმემ გამოიყენოს იმისთვის, რომ ვინმემ მოახდინოს პროვოცირება დაძაბულობის“, – განაცხადა ვოლსკიმ, რომლის შეფასებით, საბოლოოდ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია „არის ფურცელი, რომლის გარშემო შიდა დაპირისპირების რაღაც პერიპეტიები ჩანს“, სადაც „ოცნება“  100%-ით მართალია იმ ადამიანებთან, ვისაც უპირისპირდებიან“.