პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია რუსეთის ხსენების გარეშე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ტექსტში რუსეთის ხსენების გარეშე მიიღო. რეზოლუციას მხარი 74 დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 107 დეპუტატს ჰქონდა გავლილი.

მიუხედავად ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკისა და მოთხოვნისა, რეზოლუციის ტექსტში ნახსენები ყოფილიყო რუსეთი, როგორც აგრესიის წყარო, მმართველმა გუნდმა ტექსტი კენჭისყრაზე უცვლელად გაიტანა.

რეზოლუციას მმართველი პარტიის გარდა მხარი დაუჭირეს „ევროპელმა სოციალსტებმა“ და „მოქალაქეებმა“.

პროექტის განხილვამ ჯერ ბიუროზე, შემდეგ კი კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ხმაურის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია მოითხოვდა პასუხს, რატომ არ ემატება რეზოლუციის ტექსტს სიტყვა „რუსეთი“, თუკი ისედაც ცხადია, რომ რეზოლუციის ტექსტი ისედაც რუსეთის აგრესიას შეეხება. ენმ-ს, „ლელოსა“ და „რეფორმების ჯგუფის“ გარდა ტექსტში რუსეთის მოხსენიება მოითხოვეს „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და გიორგი გახარიას გუნდის წევრებმაც.

„ქართული ოცნება“ არათუ სათანადო მხარდაჭერას და თანადგომას არ უცხადებს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს უკრაინას, არამედ პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„მოდით, უკრაინელების გადმოსახედიდან შევაფასოთ ეს ტექსტი და არ დავუშვათ ის შეცდომები, რომელიც ჩვენ არ მოგვეწონებოდა, ჩვენს მიმართ რომ ყოფილიყო დაშვებული და მოგიწოდებთ, ეს უაზრო და დამაზიანებელი დისკუსია დავასრულოთ, ჩავწეროთ ეს ორი სიტყვა და ყველამ ერთად დავუჭირეთ მხარი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს ჰქონდა შეთავაზება, გაგრძელებულიყო მუშაობა და შეთანხმებულიყო რეზოლუციის ისეთი ტექსტი, რომელსაც ყველა პარტიის მხარდაჭერა ექნებოდა. იმავე მოთხოვნით გამოვიდა „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც მიაჩნდა, რომ „ცუდად წარმოჩნდება ქვეყანა“, თუ რეზოლუციას მხარს მხოლოდ ერთი ან ორი პარტია დაუჭერს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოიშველიეს უკრაინის უმაღლესი რადას მიმართვა გაეროსადმი, რომელშიც ნათქვამია – „დაიგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ…“ – და განაცხადეს, რომ ეს რეზოლუცია მეგობარი ქვეყნის თხოვნას არ პასუხობს. მათი შეფასებით, ამ დოკუმენტით საქართველო რუსეთს ეუბნება, რომ მისი მონა-მორჩილია.

ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ მომხსენებელმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხელაშვილმა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება გააკრიტიკა, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ოპოზიციური პარტიის ნაბიჯი, როცა მხარი არ დაუჭირა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შესახებ მიღებულ რეზოლუციას, შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერისკენ და რეგიონში დაძაბულობის შემცირებისკენაა მიმართული.

„დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც რეზოლუციიდანაც ჩანს, არის დაძაბულობის შემცირება, რომ როგორმე ავირიდოთ თავიდან კატასტროფა. ეს განსხვავება თქვენთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება 2014 წლის რეზოლუციებსა და დღევანდელ რეზოლუციას შორის“, – განაცხადა  გიორგი ხელაშვილმა.

„ეროვნული ინტერესიდან და ომის არდაშვების ინტერესიდან უნდა გამოხვიდე, პროვოკაციული რიტორიკისგან დაცალო ტექსტი – ამ ორი ინტერესის თანხვედრიდან მხოლოდ ის ტექსტი შეიძლება გამოვიდეს, რაც გვაქვს ჩვენ, სხვა ყველაფერი პრიმიტიული სპეკულაციაა“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.