რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა? - ელისაშვილი აქციის მოთხოვნებზე

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტში აქციის მოთხოვნების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ალექსანდრე ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ტექნიკური მთავრობისა და ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულია.

„ეს დროებითი და ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა და ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა არასერიოზულად მიმაჩნია. რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. მიტინგზე გადაწყვიტა ხუთმა ადამიანმა, რომ მთავრობა შექმნას? ასე არ ხდება მთავრობის ფორმირება. ანა-ბანა არის პოლიტიკური მეცნიერებების, რომ მთავრობას აკომპლექტებს ის, ვინც არჩევნებში მიიღებს უმრავლესობას.

ერთ ნაწილს საზოგადოების ჰგონია, რომ ღარიბაშვილს გადააყენებენ და თვითონ მთავრობას დააკომპლექტებენ და თვითონ იქნებიან პრემიერ-მინისტრები და მინისტრები. ეს რეალური ჰგონიათ და დეოლიგარქიზაცია და ნორმალური სასამართლო რომ გვქონდეს და დეპოლარიზაციას რომ მივაღწიოთ, ეს ჰგონიათ მიუღწეველი?” – ამბობს ალექსანდრე ელისაშვილი.


24 ივნისს თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. მანამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა ეძლევა.