რა ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობს რუსეთთან? - 7 დეპუტატი მთავრობას შეკითხვებით მიმართავს

პუბლიკა

პარლამენტის 7 დეპუტატი ხელისუფლებას მიმართავს შეკითხვებით, რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, რომლის შედეგადაც დაიწყო პირდაპირი ფრენა და სანქცირებული ლავროვის ოჯახმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა შეძლო.

„ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს აქტიური ფარული კომუნიკაცია. ეს საგანგაშოა.

რა თქმა უნდა, ფრენის აღდგენა, საზღვაო ტვირთის გადაზიდვისთვის რუსეთისკენ მარშრუტის განახლება და სანქცირებული ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა ვერ მოხდებოდა კოორდინაციის გარეშე.

ეს არის საქართველოს უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიული და ეროვნული ინტერესების ძირის გამოთხრა.

7 დეპუტატი შეკითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და მოვითხოვთ პასუხებს, რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, როდის დაიწყო, რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკება, იცოდნენ თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ფარულ მოლაპარაკებებზე და ხორციელდება თუ არა მოსკოვში ფარული ვიზიტები. ჩვენი მთავარი კითხვა არის შემდეგი, რა ფარული მოლაპარაკება და, ამ კუთხით, პოლიტიკური ექსპანსიის გაფორმება მიმდინარეობს რუსეთთან“, – განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება და ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია, ამ შეკითხვებზე პასუხის გაუცემლობა კი გამოიწვევს, კონსტიტუციური თვალსაზრისით, პასუხისმგებლობას, მათ შორის, ეს შეიძლება დასრულდეს იმპიჩმენტით.

„არანაირ მოლაპარაკებაზე არ არის აქ საუბარი.  საუბარია ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე რუსეთის მხრიდან. საქართველოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, ვიზები ცალმხრივად დაწესდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება, საზღვაო მიმოსვლაზე გავრცელებული ინფორმაცია კი ყალბი იყო. მისივე განმარტებით, ტვირთი სომხეთს ეკუთვნოდა და საქართველო ვალდებულია, თავისუფალი წვდომა მისცეს ზღვაზე იმ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს წვდომა ზღვაზე.

მან აქვე კომენტარი გააკეთა ყვარლის ტბასთან აქციის დროს პოლიციის მობილიზაციაზე. მისი თქმით, პოლიცია იცევს ადამიანებს განურჩევლად ეროვნებისა და ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ქსენოფობია.