რა ფორმით გეგმავენ „ფორმულას" 25%-იანი წილის თანამშრომლებზე გადაცემას

პუბლიკა

რა ფორმით გეგმავენ „ფორმულას” 25%-იანი წილის თანამშრომლებზე გადაცემას – ამ საკითხზე ბრიფინგი ტელევიზიაში 12 მაისს გამართეს.

„ფორმულას” გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე აცხადებს, რომ თანამშრომლებისთვის წილების გადაცემის პროცესი დაიწყო.

გუმბარიძის თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლები დააფუძნებენ ა(ა)იპ-ის, რომელშიც 40 ადამიანი იქნება გაერთიანებული. უკვე არჩეული არიან ორგანიზაციის გამგეობის წევრები და გამგეობის თავმჯდომარე – ნინო ჟიჟილაშვილი. ტელეკომპანიაში ჩამოყალიბდება ბორდი, რომელშიც სხვა დამფუძნებლებთან ერთად იქნება წარმოდგენილი გამგეობის თავმჯდომარეც.

„ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და გამოცდილება, რომ ხელისუფლება ეცდება ამ პროცესის შეყოვნებას და პროცესი იქნება შეჩერებული იუსტიციის სახლში და არ მოხდება დარეგისტრირება წილისა, ამის მიზეზი გახდება ის, რომ დავით კეზერაშვილის პირადობასა და პასპორტს ვადა აქვს გასული და, სამწუხაროდ, ხელისუფლება არ აძლევს მას საშუალებას, რომ ეს პასპორტი აღდგეს.

ამის მიზეზი ცხადია არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს, სისრულეში მოვიდეს არხის დამფუძნებლისა და თანამშრომლების საერთო გადაწყვეტილება წილის განკარგვასთან დაკავშირებით.

ეს პასპორტი არის საჭირო მხოლოდ იმისათვის, რომ მოხდეს წილის გადაფორმება არხის თანამშრომლებისთვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაფერი მოგვარდება. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მაინც, ამ გარიგებას დავარეგისტრირებთ ნოტარიულად და ეს გარიგება აუცილებლად მოიპოვებს იურიდიულ ძალას, ავტომატურად, როდესაც მოხდება ამ პრობლემის მოგვარება”, – თქვა გუმბარიძემ.