რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს - სააკაშვილი ფოტიგაზე

პუბლიკა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 45-ე დღეა შიმშილობს, ევროპარალემნტარ ანა ფოტიგას სოლიდარობისთვის მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ მალე ახალი ხელისუფლება საქართველოში ძველებური სტუმართმოყვარეობით დახვდება.

„სექტემბერში, ბოლო შეხვედრის დროს, სტრასბურგში, ანა ფოტიგამ მკითხა, ხომ არ ვფიქრობდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წამების მსხვერპლი ვიქნებოდი. მე ვუპასუხე, რომ არ ვფიქრობდი.

ანა ფოტიგა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოს გადასარჩენად. ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია. რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს.

დიდი მადლობა, ანა, ადამიანობისთვის და სოლიდარობისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც გუშინ არ შემოგიშვათ, მალე არცერთი აღარ იქნება სახელისუფლებო ბერკეტებთან სიახლოვეში და თქვენ დაგხვდებათ საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით“, – ვკითხულობთ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.


ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა იყო, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ იგი პრეზიდენტთან ციხეში არ შეუშვა. მინისტრმა რატი ბრეგაძემ ანა ფოტიგასთვის უარს სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ახსნა.