რა გავლენას იქონიებს კორონავირუსის პანდემია ბავშვთა სიღარიბეზე საქართველოში – კვლევა

პუბლიკა

გაეროს ბავშვთა ფონდმა დღეს მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკროსიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში წარმოდგენილი სიმულაციური მოდელის შედეგების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლის სხვადასხვა სცენარით შემცირებამ გამოიწვიოს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდა, თუმცა ფულადი დახმარების   შედეგად შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე საბაზისო დონესთან შედარებით მისი შემცირება.

გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკროსიმულაციის მოდელი. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მოსახლეობისა და კონკრეტულად, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის ზეგავლენის (შრომის ბაზარზე ზემოქმედების შედეგად) წინასწარი გაანგარიშება.

კვლევის ძირითადი მიგნებების მიხედვით:

  • კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შოკის შედეგად, მოსალოდნელია მოსახლეობის სიღარიბის დონის (166 ლარი თვეში ზრდასრულ პირზე) გაზრდა 21.7-დან 24 პროცენტამდე დაბალი შოკის შემთხვევაში, 26 პროცენტამდე – საშუალო შოკის შემთხვევაში, ხოლო 30.9 პროცენტამდე – ძლიერი შოკის შემთხვევაში.
  • მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე საბაზისო 27.6 პროცენტიდან დაბალი შოკის შემთხვევაში გაიზრდება 30.8 პროცენტამდე, საშუალო შოკის შემთხვევაში  32.7 პროცენტამდე, ხოლო 37.8 პროცენტამდე – ძლიერი შოკის შემთხვევაში.
  • შოკის შედეგად, სიღარიბე სოფლად უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ქალაქად, ხოლო უთანასწორობა ურბანულ დასახლებებს მეტად შეეხება.
  • მოხმარება ყველაზე მეტად შემცირდება კორონავირუსის პანდემიის წინაშე ყველაზე დაუცველ შინამეურნეობებში, რომლებსაც ისედაც მწირი დანახარჯები აქვთ.

 

სხვადასხვა ოდენობის ფულადი დახმარების სცენარების 24 ჰიპოთეტური მოდელის გამოყენებით სიღარიბის მაჩვენებლების ხელახლა გაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ:

  • უფრო სავარაუდოა სიღარიბის ხარჯთეფექტურად შემცირება მოსახლეობის იმ უღარიბეს 40%-ზე მიმართული პოლიტიკისა და დახმარების პირობებში, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის სისტემით გათვალისწინებულ პროგრამებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღნიშნული კატეგორიის იდენტიფიცირება მოითხოვს ხანგრძლივვადიან და მასშტაბურ ღონისძიებებს.
  • 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად, შოკის დონის მიუხედავად. ძლიერი შოკის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დახმარების შედეგად ბავშვთა სიღარიბის საბაზისო მაჩვენებელზე დაბრუნება, ხოლო მსუბუქი და საშუალო შოკის სცენარებში სიღარიბის საბაზისო მაჩვენებლებზე მეტად სიღარიბის დონის შემცირებას; ასეთი შედეგი სხვა მოდელების შემთხვევაში არ გამოვლენილა.
  • ეფექტურია დახმარება უმუშევრად დარჩენილი, რეგულარულ ხელფასზე მომუშავე პირებისათვის. მაგალითად, ძლიერი შოკის შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ფულადი დახმარების შედეგად შესაძლებელია სიღარიბის შემცირება მოსალოდნელი 30.7-დან დან 28.4 პროცენტამდე

ბუნებრივია რომ კოვიდის პერიოდში ეკონომიკური ეფექტები არის ნეგატიური, მსოფლიო მასშტაბით, ეს არის მსოფლიო პანდემია და შესაბამისად გლობალური ეკონომიკის ნაწილი საქართველოც არის, შესაბამისი ნაბიჯები უნდა იქნას მათ შორის საქართველოს მიერ გადადგმული იმსიატვის რომ ამ კრიზისით მირენებული ეკონომიკური ზარალის მაქსიმალურად შემცირება მოხდეს სახელმწიფოს მხარდაჭერით.

 

„ძლიერი შოკის შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისის გავლენა ბავშვთა სიღარიბეზე 37%-მდე შეიძლება გაიზარდოს. თუმცა ამის საპირწონედ იუნისეფის მიერ იყო შემოთავაზებული რამდენიმე სცენარი, მათ შორის ყველა ბავშვისათვის 50 ლარიანი (ერთჯერადი) დახმარება. ჩვენ ამის საპირწონედ არა 50-ლარიანი არამედ ოთხჯერ მეტი, 200 ლარიანი დახმარება შევთავაზეთ ყველა ბავშვს საქართველოში , შესაბამისად ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ის გავლენა რაც ბავშვთა დახმარებას ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ექნება, იქნება ძალიან პოზიტიური“,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

მიკროსიმულაციაში მონაცემების ძირითად წყაროდ გამოყენებულია საქართველოში 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა. ამ კვლევის  შერჩევა მოიცავს 4697 შინამეურნეობას, რომელიც რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.