ბათუმში, „ოცნების ქალაქში” ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის შედეგად დაღუპვასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ბავშვთა უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი.
„როგორც სოციალური მუშაკები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმ ოჯახებისა და ბავშვების წინაშე, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან საფრთხისა და რისკის ქვეშ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ოჯახებს არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა და საბაზისო რესურსებზე წვდომა, ამიტომ, ბავშვებს უხდებათ თავის გადარჩენისთვის საფრთხისშემცველ საქმიანობაში ჩართვა.
ამასთანავე, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვიანი ოჯახებისთვის არ იქნა შეთავაზებული უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები და არ განხორციელებულა ბავშვთა დაცვის საკმარისი ღონისძიებები, რათა არ აღმოჩენილიყვნენ სიღარიბისა და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში.
საერთაშორისო და ადგილობრივი კონვენციებით სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვების დაცვა, განათლება და სათანადო საცხოვრებელი პირობები. ამისათვის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უნდა აკონტროლებდეს და უზრუნველყოფდეს დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას, ხოლო მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვთა უფლებები და მხარი დაუჭიროს მათ. მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო ნებართვის გაცემისა და პროცესის მონიტორინგი.
მთავარი კითხვები და მოთხოვნები:
1. რომელი უწყების სამსახური ახდენდა იდენტიფიცირებას და მუშაობდა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ბავშვიანი ოჯახებთან?
2. რა ტიპის მომსახურება მიეწოდათ ოჯახებს, რათა ოჯახებს ჰქონოდათ უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო?
3. რა ტიპის მომსახურება მიეწოდათ ოჯახებს, რათა დაკმაყოფილებული ყოფილიყო ბავშვების ბაზისური საჭიროებები?
4. რა რესურსი ან გეგმა არსებობს მუნიციპალიტეტში მსგავსი კრიზისული სიტუაციების თავიდან ასარიდებლად?
5. რა ღონისძიებები განახორციელა ქ. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად? მოვითხოვთ, მოცემულ კითხვებზე გაკეთდეს საჯარო განცხადება და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით”.
გუშინ, 15 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ბათუმელების” ინფორმაციით, დაღუპულები არიან 5 და 7 წლის ბავშვები.
გამოცემა წერს, რომ პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩაცვივდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათი ეძებდნენ.
„ბათუმელებისცე“ ინფორმაციით, ორივე ბავშვი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
„ოცნების ქალაქი” უბანია ბათუმში, სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ცხოვრობენ. 2000-მდე ოჯახი წლების განმავლობაში ითხოვდა ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს.
2020 წლიდან „ქართულმა ოცნებამ” ადგილზე მშენებლობები დაიწყო.
2025 წლის 8 თებერვალს კი „ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იწყება „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი. მან მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში „ოცნების” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
„რადიო თავისუფლების” მოკვლევის თანახმად, ამ დღისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიქირავა კომპანია „არტ ბიურო“, რომელმაც მოაწყო სცენა და სივრცე მიწვეული სტუმრებისთვის. ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა. მშენებლობის დაწყებისთვის საძირკველში სიმბოლურად ჩადებულ კაფსულაზე 1770-ლარი დაიხარჯა.