რა ხდება ღაზის სექტორში — ვითარება ამ დროისთვის

პუბლიკა

პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორში მოკლულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. მათგან 100-ზე მეტი ბავშვია, ასევე 100-ზე მეტი – ქალი.

გუშინ, 9 ოქტომბერს ისრაელის ავიაიერიშებს 300 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელის ერთ-ერთი სამიზნე ლტოლვილთა ბაზარი იყო – IDF-ის განცხადებით, მათ მიზანში ამოიღეს სახლი, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ლიდერს ეკუთვნის. სახლი განადგურდა, ამასთნ, დაიღუპა ათობით გარშემომყოფი.

თავის მხრივ, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 900-ზე მეტია. დაშავებულია 600-ზე მეტი. 155 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დახოცეს 1500 ტერორისტი.

ისრაელი პალესტინელებს მოუწოდებს, დატოვონ ღაზის სექტორი, ვინაიდან ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებზე დარტყმების განხორციელებას გეგმავს.

9 ოქტომბერს ისრაელმა განაცხადა, რომ პალესტინას სრულ ბლოკადაში აქცევს, რაც ღაზას ელექტროენერგიის, წყლის და საწვავის გარეშე ტოვებს. ისრაელი აკონტროლებს ღაზის საჰაერო სექტორს და სანაპირო ზოლს და ზღუდავს და აკონტროლებს, ვინ გადაკვეთს საზღვარს და რა საქონელს შეიტანს ტერიტორიაზე.

ღაზის სექტორს ეგვიპტე ესაზღვრება. საზღვარი სრულად დახურული არ არის, თუმცა, ქვეყანაში შესვლა დღეში მხოლოდ 400 ადამიანს შეუძლია. მომლოდინეთა რიცხვი კი გაცილებით მეტია.

ამ ეტაპზე ერთადერთი თავშესაფარი ღაზაში მცხოვრებლებისთვის სკოლებია, რომლებიც გაეროს მიერ არის გახსნილი. თუმცა, ყველა დევნილის დატევა არც მათ შეუძლიათ.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და კონტრშეტევებსაც ახორციელებს. მობილიზებულია 300 ათასზე მეტი რეზერვისტი.

გარდა ამისა:

ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ისრაელელი ტყვეების დახოცვით დაიმუქრა.

ისრაელის პრემიერმინისტრიმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰამასი ISIS-ს შეადარა და განაცხადა, რომ „ჰამასმა მასზე თავდასხმით უდიდესი შეცდომა დაუშვა”.

„ჩვენ გადავახდევინებთ ფასს, რომელიც როგორც მათ, ისე ისრაელის სხვა მტრებსაც ათწლეულების განმავლობაში ემახსოვრებათ”. – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ევროკავშირმა შეაჩერა €691-მილიონიანი დახმარება, რომელიც პალესტინელებისთვის იყო განსაზღვრული.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა კი ორივე მხარეს მოუწოდა, ორგანიზაციას ღაზის სექტორში შესვლისა და მოქალაქეებისთვის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალება მისცეს.