რა ხედვებს შორისაა განსხვავება, შიდაკორპორაციული საკითხია – ინგა გრიგოლია

პუბლიკა

როგორც დღეს გახდა ცნობილი, tv პირველის საინფორმაციო სამსახურს ნინო ჟიჟილაშვილი აღარ უხელმძღვანელებს და ამ მიმართულებას არხის გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია ჩაიბარებს.

„საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვა ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. ამიტომ მოგვიხდა ამ სეგმენტში დაშორება“. – გვითხრა tv პირველის უკვე ყოფილმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ჟიჟილაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა რომ „ყველამ, ვინც ამ გუნდს შეუერთდება, უნდა იცოდეს, რომ დასჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები“.

„პუბლიკა“ არხის გენერალურ დირექტორს, ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა.

გრიგოლიას თქმით, არხი ემზადება წინასაარჩევნო პერიოდისთვის – იცვლება ბადე, ემატება გადაცემები, თავად ნინო ჟიჟილაშვილი კვირაში სამჯერ გაუძღვება დიდ ტოქშოუს. საკუთარი გადაცემა ექნება ახლად დანიშნულ მთავარ პროდიუსერს, ნოდარ მელაძესაც და ამ რებრენდინგის ფონზე გადაწყდა, რომ საინფორმაციო მას ჩაებარებინა, ხოლო ჟიჟილაშვილს ტოქშოუს მიმართულება გაეძლიერებინა.

ჩვენ დავინტერესდით, რა იყო ის თვალთახედვა, რაშიც ნინო ჟიჟილაშვილი და არხის ხელმძღვანელობა ვერ შეთანხმდა, რაზეც ინგა გრიგოლიამ გვითხრა, რომ ეს შიდა კორპორაციული საკითხია. რაც რებრენდიგის დეტალებს გულისხმობს.

მისი თქმით, ცხადია, ამ ხედვებს შორის განსხვავებაში არ იგულისხმება ჟურნალისტების თავისუფლების, მიუკერძოებლობის, კვალიფიკაციისა და მსგავსი სტანდარტების სხვადასხვაგვარი აღქმა.

ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ ნინო ჟიჟილაშვილის ფრაზაზეც, რომლის მიხედვითაც, „ყველამ, ვინც ამ გუნდს შეუერთდება, უნდა იცოდეს, რომ დასჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები“, დავინტერესდით ხომ არ მიუთითებს მათზე, ვინც არხს ბოლო პერიოდში შემოუერთდა, ხოლო ბოლო პერიოდში tv პირველს „მთავარი არხიდან“ წამოსული ნოდარ მელაძე და ასევე „მთავარის“ რამდენიმე ჟურნალისტი შეემატა.

ინგა გრიგოლიამ გვითხრა, რომ ჟურნალისტების უმრავლესობა არხზე მისი მიყვანილი და შერჩეულია და მათ სწორედ იმ სტანდარტების მიხედვით არჩევდა, რაც ზემოთ ვახსენეთ, და არავის შეუძლია თქვას, რომ იგი ოდესმე ჩარეულა ჟურნალისტების კონტენტში და აშეუზღუდავს მათი თავისუფლება, და რომ ამ თემაზე კომენტირება ზედმეტადაც ეჩვენება.

LB loan image desktop LB loan image mobile