რა კითხვები ჰქონდა ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის ადვოკატებს გამომძიებელთან - არსებითი განხილვა სასამართლოში

თათია ხალიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში  ბრალდებული  თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისა და დაზარალებული თამთა თოდაძის საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. მოწმის სახით დაიკითხა საქმის გამომძიებელი ვიქტორ მახარაძე.

პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, საქმეზე რამდენიმე გამომძიებელი მუშაობდა, მაგრამ ვიქტორ მახარაძეს ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები აქვს ჩატარებული.

როგორც გამომძიებელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, საგამოძიებო მოქმედებები დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. გამომძიებელი ჰყვება, რომ დაზარალებულ თამთა თოდაძეს პოლიციის განყოფილებაში შეხვდა.

 „აღელვებული იყო, როცა დამშვიდდა მერე დავკითხე. არ აღენიშნებოდა ალკოჰოლური თრობა. მისი მონათხრობი იყო თანმიმდევრული და ქრონოლოგიური, არ აღენიშნებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების რამე ნიშანი, ამიტომაც არ ჩავთვალე საჭიროდ მისთვის ალკოტესტის ჩატარება“, – განაცხადა გამომძიებელმა.

ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ადვოკატების მთავარი შეკითხვა სწორედ დაზარალებულის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ეხებოდა და გამომძიებელს ეკითხებოდნენ: „იყო თუ არა თამთა თოდაძე მთვრალი ან ნასვამი, რადგან დაზარალებული ამას თავად ამბობდა ჩვენებაში“.

გამომძიებელმა გაიმეორა, რომ დაზარალებულის თქმით, მან სიმბოლურად ძალიან მცირე რაოდენობის ალკოჰოლი მიიღო, თუმცა დაკითხვის დროს მას არ შეუმჩნევია ალკოჰოლური ზემოქმედების ნიშანი.

ბრალდებული ილია ჯიშკარიანის რეპლიკა კი ასეთი იყო – „პახმელიაზეც არ ყოფილა, როგორ შეატყვეთ?“.

გამომძიებელმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ დაზარალებული აღელვებული იყო. ბრალდებული დეპუტატის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს აინტერესებდა, ტიროდა თუ არა დაზარალებული და მოკლე კაბა ეცვა მას თუ გრძელი, ასევე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა თუ დაბალქუსლიანი.

„ხელზე შევამჩნიე დაზიანება. მუქი ტანსაცმელი ეცვა და არ შემიმჩნევია… დახეული ნამდვილად არ ყოფილა. კაბა მოკლე, არ ვიცი.. კოჭებამდე ნამდვილად არ ყოფილა. ფეხსაცმელი – ჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა”, – განაცხადა გამომძიებელმა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 30 იანვარს ჩაინიშნა, სადაც გაგრძელდება მოწმეების დაკითხვა.


თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).

ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.