„რა მაწუხებს?" - „ნაციონალურ მოძრაობას" ჩიორა თაქთაქიშვილიც ტოვებს

პუბლიკა

„ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას”. – წერს ფეისბუქზე ენმ-ს წევრი, ყოფილი დეპუტატი, ჩიორა თაქთაქიშვილი.

„რა მაწუხებს? (…) საშინლად მტკივნეულია, როდესაც ჩემივე პარტიაში ნორმად იქცა ხშირი კომპრომისი იდეალებისა და ღირებულებების ხარჯზე, რაც აისახება საკადრო პოლიტიკაშიც. ვითრგუნები, როცა პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არცერთი ლიდერი არ აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას. მიუღებელია, როდესაც მოკლული, ნაცემი ან შეურაცხყოფილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის მაგივრად, ჩემი კოლეგები ამჯობინებენ საპატრიარქოს უმტკიცონ ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, სწორედ საპატრიარქო ავრცელებდა რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას”. – ვკითხულობთ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებაში.

თაქთაქიშვილის თქმით, “სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ შიდა დემოკრატიაზე, მერიტოკრატიაზე და, რაც მთავარია, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, მათი კრიტიკის მოსმენაზე, როგორ შეიძლება არსებული პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდეს? ამ ნიადაგზე წარმოიშვა უთანხმოება 3 წლის წინ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის, რაც თავისთავად დიდი გარდატეხის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სამწუხაროდ, მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ არცერთი პარტიის მართვაში. ყრილობები, დაპირებები, ფორმალური არჩევნები, სიები წინასწარ ცნობილი შედეგებით”.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოს სხვა წევრებმაც, ზაზა ბიბილაშვილმა, მარიამ გერსამიამ და ნინო კალანდაძემ დატოვეს.