რატომ დატოვეს ენმ ზაზა ბიბილაშვილმა, მარიამ გერსამიამ და ნინო კალანდაძემ

ზურა ვარდიაშვილი

რამდენიმე წუთის წინ პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაზა ბიბილაშვილი, მარიამ გერსამია და ნინო კალანდაძე „ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებენ. ჩვენ დავუკავშირდით ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ზაზა ბიბილაშვილს და ვთხოვეთ უფრო დეტალურად აეხსნა ამ გადაწყვეტილების მოტივი.

თქვენ დატოვეთ ნაციონალური მოძრაობა, თუმცა არ გისაუბრიათ მიზეზებზე…

ეს რეალობა დგას უკვე თითქმის ორი წელიწადია. მთელი ეს დროა, ჩვენ ფაქტობრივად არ ვმონაწილეობთ არანაირ პარტიულ საქმიანობაში და ჩვენი სტატუსიც მხოლოდ ფორმალური იყო. ახლა, უბრალოდ, დე ფაქტო მდგომარეობა შესაბამისობაში მოდის ფორმალურ მხარესთან. არანაირ შინაარსობრივ სიახლეს ეს არ წამოადგენს.

ორი წლის წინ რატომ დატოვეთ დე ფაქტო პარტია?

ეს იყო ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელსაც ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი ჰქონდა. ზოგადად, პარტიული ფორმატი, თავისი შინაარსით, შედარებით შეზღუდულია და ადამიანებს ერთგვარი წინასწარი განწყობების მძევლად აქცევს. ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევები კი უფრო ფართოა და შორსმიმავალი. კონკრეტულ პარტიას შეიძლება მთავარ ამოცანად ჰქონდეს მოკლევადიანი მიზანი ანუ მომდევნო არჩევნებში გამარჯვება, რაც ბუნებრივი და ლეგიტიმურია – განსაკუთრებით, ისეთი მმართველის პირობებში, როგორიც ივანიშვილია. ჩვენი ფონდის საქმიანობა უფრო მიესადაგება ჩვენი საზოგადოების გრძელვადიან გამოწვევებს. ჭავჭავაძის ცენტრი არის იდეური სამოქალაქო-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპული პოლიტიკური ფონდების ანალოგიით. ცენტრის შექმნის იდეა გაჩნდა 3-4 წლის წინ. 2018 წლის ივნისში ორგანიზაცია, რომლის სრული სახელია „ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი“ უკვე ოფიციალურად დავაფუძნეთ.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდ, მე ვიტყოდი, კრიტიკულ ნაწილს სურს, რომ წელს ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს. ივანიშვილის გამოჩენისთანავე – მას შემდეგ, რაც მან თავისი მიზნები გააჟღერა – მიმაჩნდა, რომ ის რუსული ინტერესების გამტარებელია. ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს აქციებზე დგას სწორედ ამის გამო, მაშინ ირონიული სკეფსისით უყურებდა ამ თეზისს… თუმცა ეს თვითკმაყოფილების საფუძველი არაა. უბრალოდ, არსებობს თემები, რომლებსაც შესაძლოა დღეს ისევე ვერ ვხედავდეთ, როგორც ივანიშვილის პრორუსულობას ვერ ვხედავდით 8 წლის წინ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ასეთ თემებზე პროაქტიული მუშაობაა.

თქვენს ხედვებს პარტიაში ვერ ახორციელებდით? პოლიტიკური პლატფორმიდან უფრო უკეთ არ გაუმკლავდებით ამ გამოწვევებს?

პარტიების მიზანი, პირველ რიგში, არჩევნებში გამარჯვებაა. ამისთვის შესაძლოა მათ დროებით შეცვალონ თავიანთი პლატფორმა, ირხეოდნენ მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებებს შორის, ელაპარაკებოდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა მათ ღირებულებებთან შეუთავსებელი ან მათი მომხრეებისთვის მიუღებელნი იყვნენ. ჩვენი მიზანი იმ ფონის შეცვლაა, რომელიც პოლიტიკურ მოთამაშეებს ამგვარი ქმედებებისკენ უბიძგებს. კარგად მესმის, რატომ შეიძლება მიდიოდეს ესა თუ ის პარტია ამა თუ იმ კომპრომისზე, მაგრამ მირჩევნია, მათ ამის გაკეთება არ უწევდეთ, ხოლო უბრალო მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი პირობები უკარნახონ პოლიტიკურ კლასს და გავლენა ჰქონდეთ საზოგადო დღის წესრიგზე.

სხვა რომელიმე პოლიტიკურ ფლანგზე გადანაცვლებას ან ცალკე პოლიტიკურ გუნდად ჩამოყალიბებას ხომ არ გეგმვათ?

არა. ჩვენი მრწამსი და მსოფლმხედველობა არ შეცვლილა. შესაბამისად, არცერთ სხვა პარტიასთან არანაირ ფორმალურ თუ არაფორმალურ კავშირს არ ვაპირებთ. ბუნებრივია, არ ვგეგმავთ არც 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

ანუ თქვენი წამოსვლა არ უკავშირდება პარტიის შიგნით არსებულ რაიმე პრობლემას? თუ ამაზე საუბარი არ გსურთ?

არ არსებობს პარტია, რომელშიც პრობლემები არაა. თუმცა, ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი და, შესაბამისად, არც რელევანტური. ჩვენი ხედვა მომავალზეა ორიენტირებული და მიგვაჩნია, რომ ჭავჭავაძის ცენტრის ეგიდით სწორედ იმ საქმეს ვაკეთებთ, რაც ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია.

როდესაც პარტიას სახეები ტოვებენ, ყოველთვის ჩნდება მოსაზრება, რომ რაღაც არ მოგწონთ. თორემ ყველაფერი „რიგზე რომ მიდიოდეს“ რატომ წამოხვიდოდით? შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი პრობლემა არ გაქვთ პარტიის შიგნით, უბრალოდ ჭავჭავაძის ცენტრისთვის გსურთ მეტი ყურადღების დათმობა და მეტი არაფერი?

როგორც უკვე მოგახსენეთ, პოლიტიკური პარტია ხშირად ბუნებრივი, ობიექტური შეზღუდვების მძევალია. სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობის შესაძლებლობები კი გაცილებით უფრო მოქნილია. თუ გულისხმობთ, იყო თუ არა რაიმე კონკრეტული უთანხმოება ჩვენი წამოსვლის მიზეზი, გაგიმხელთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია და მან გულწრფელად  წარმატება გვისურვა. ასევე შეგახსენებთ, რომ პირადად მე არცერთი დღე არ ვყოფილვარ ხელისუფლებაში და ენმ-ში 2013 წლის ბოლოს მივედი, როდესაც პარტია უკვე ოპოზიციაში იყო. მივედი მხოლოდ იდეალისტური მოტივაციით, რადგან მაშინ უკვე მიმაჩნდა, რომ ქვეყანას რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება დაეპატრონა. ასევე გავიხსენებ 2016 წელს, როდესაც შიდაპარტიული გადატრიალება პრაქტიკულად დასრულებული იყო, რომ არა (ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე) ჩემი საკვანძო როლი, რომლის წყალობითაც ნაციონალური მოძრაობდა შენარჩუნდა, როგორც ნაციონალური მოძრაობა.

თქვენ არ მოდიხართ პროტესტით და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით, არ ფიქრობთ, რომ თქვენს ორგანიზაციას პარტიასთან აფილაციაში დასდებენ ბრალს?

ივანიშვილის პირობებში ოპოზიციის კრიტიკა ნამდვილად არ წარმოადგენს ჩვენს ამოცანას. რაც შეეხება აფილაციას, გავიხსენებ შარშანდელ „კვლევას“, რომელიც სახელისუფლებო ექსპერტმა, გია აბაშიძემ ჩაატარა. მან ჩამოწერა ვრცელი სია ვითომდაც „ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული“ არასამთავრობოებისა, რომელშიც ფიგურირებდა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „საქართველოს ვაგნერის საზოგადოება“ და „ქართული ვაზის ფონდი“, სადაც მე დამფუძნებლებს შორის ვარ. კომიკური და აბსურდულია ამ ორი ორგანიზაციის პოლიტიზება, რაც მაფიქრებინებს, რომ მწვავე კრიტიკითაც რომ მოვდიოდეთ პარტიიდან, ხელისუფლება მაინც იტყოდა, რომ ეს ყველაფერი დადგმულია. „ოცნების“ გადმოსახედიდან, რომლის მიხედვითაც მისი ყველა კრიტიკოსი „ნაციონალია“, ჩვენზე რატომ არ იტყვიან ამას? ამიტომ, რაც უნდათ, ილაპარაკონ – ეს ნამდვილად არ შეგვიშლის ხელს ჩვენს საქმიანობაში.

ფონდის უახლოესი გეგმები: ვინ ხართ, რის გაკეთებას გეგმავთ?

ამ ეტაპზე ათნი ვართ – 4 დამფუძნებელი და მკვლევარები. ჩვენი გეგმები შესაძლოა ამბიციურად გამოიყურებოდეს (ამბიცია სხვა ენებზე დადებითი კონოტაციის მატარებელი სიტყვაა, ქართულად ვანიჭებთ რატომღაც უარყოფით დატვირთვას), თუმცა ჩინური ანდაზაა, რომ ყველა დიდი მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება. შესაძლოა, ჩვენი პირველი ნაბიჯები მოკრძალებულია, მაგრამ გეგმები შორს მიმავალია.

ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მივიჩნევთ რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირებას. დღეს რუსულ პროპაგანდას როგორც იქნა მიაქცია დასავლეთმა ყურადღება. დიდი ძალისხმევა იხარჯება იმის აღმოსაჩენად, თუ როგორ მუშაობს იგი. რა მედიებით, რა აქტორებით, რა ტიპის მესიჯებს ავრცელებს, როგორ აპირისპირებს ადამიანებს ერთმანეთთან და როგორ ხეირობს პოლარიზაციით. მაგრამ არავის დაუწყია მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამას, როგორი უნდა იყოს ანტივირუსი. ამ მიმართულებით ჩვენ ბევრი გვაქვს ნაფიქრი და კონკრეტულ აქტივობებსაც ვგეგმავთ.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ – ჩვენი ტრენინგებისას ხშირად ვაწყობთ იმიტირებულ დებატებს. ჩვენი ტრენინგების მონაწილეთა 100% პროდასავლურადაა განწყობილი. თუმცა, დებატისას მათ ნაწილს უწევს ხელოვნურად ამოირჩიოს თემა და იდებატოს პრორუსული პოზიციიდან. კურიოზია, მაგრამ როგორც წესი, პრორუსული პლატფორმიდან მოდებატე გუნდი იმარჯვებს, რაც ნიშნავს, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან მაგრად მუშაობს და ამარაგებს გაუცნობიერებელ მსხვერპლს მზა კლიშეებით, არგუმენტებით და მაგალითებით. ეს უნდა შეიცვალოს და ამ მხრივ ჩვენ ბევრის გაკეთება შეგვიძლია.

და ბოლოს, დავუბრუნდეთ  რეაქციის საკითხს: ამგვარ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, ხელისუფლება, ალბათ, ტირაჟირებისთვის იტყვის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა იშლება, და ა.შ. რას უპასუხებთ?

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება სწორედ ასე იზამს. თუმცა, ეს არადამაჯერებელი იქნება, რადგან სტატუს კვო არ იცვლება – იმ პროცესებში არჩართვით, სადაც ისედაც აღარ ვიყავით ჩართული, ვერაფერს დავაზიანებთ, ჭავჭავაძის ცენტრის საქმიანობით კი მხოლოდ მრავალ ახალ და კარგ საქმეს გავაკეთებთ. ამიტომ, ხელისუფლება რას იტყვის, ნაკლებ საინტერესოა, ის უკვე ისეთ მდგომარეობაშია, ათასში ერთხელ სიმართლეც რომ თქვას, ამასაც კი აღარავინ დაიჯერებს არათუ ამგვარ ტყუილს.  გარდა ამისა, დრო ისედაც ყველაფერს გამოავლენს.