ზაზა ბიბილაშვილი, მარიამ გერსამია და ნინო კალანდაძე „ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებენ

პუბლიკა

„ნაციონალურ მოძრაობას“ ზაზა ბიბილაშვილი, მარიამ გერსამია და ნინო კალანდაძე ტოვებენ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე თითქმის 2 წელია, სრულად ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და კოლეგებთან ერთად მთლიანად ფოკუსირებულნი ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე“ – ამბობენ ენმ-ის ყოფილი ლიდერები.

„ამ ვითარებამ, რომელიც ორმხრივი არჩევანის შედეგი იყო, არაერთი კითხვა გააჩინა. შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ფორმალურთან. ამიტომ, დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას“,– უთხრეს „პუბლიკას“  ბიბილაშვილმა, გერსამიამ და კალანდაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები წარმატებას უსურვებენ პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს და ამბობენ, რომ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავენ.

„ვაპირებთ წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ  საკუთარ მომავალზე“, – ამბობენ ისინი.

რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის ცენტრს, „მისი გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით“.

ზაზა ბიბილაშვილი ფორმალურად ამ დრომდე მიიჩნეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოადგილედ, გერსამია და კალანდაძე კი პოლიტსაბჭოს წევრები იყვნენ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ზაზა ბიბილაშვილს და მასთან ინტერვიუს, უფრო დეტალურ განმარტებას,  უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.