რა მოხდა და ვინ მონაწილეობდა, ეს უკვე დადგენილი უნდა იყოს - უგულავა ფეხბურთელის დაღუპვაზე

პუბლიკა

„ქუჩური რომანტიკის კვლავ აღზევებამ, დაუსჯელობის განცდამ, ასეთ შემთხვევების ცუდად და მავნებლურად გამოძიებამ, რაც იმავე ხორავას ქუჩის საქმეზე ვნახეთ, მიგვიყვანა აქამდე“, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ფაქტს.

უგულავა ამბობს, რომ ოთხი დღე გავიდა და, წესით და რიგით, სამართალდამცავებმა მეორე მხარე უკვე უნდა იცოდნენ. მისი თქმით,  ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მეტი სიცხადე იქნება და გაირკვევა, რა მოხდა. ის იმედს იტოვებს, რომ „არ იქნება იმგვარი გამოძიება, როგორიც იყო სარალიძის საქმეზე”.

„რა მოხდა და ვინ მონაწილეობდა ეს, წესით, უკვე დადგენილი უნდა იყოს და ან დღეს, ან ხვალ სამართალდამცველებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ოჯახსა და საზოგადოებას, რათა გაიფანტოს ის ეჭვები, რაც, სამწუხაროდ, გვაქვს ხოლმე გამოძიების მიმართ, რომ კულუარებში რაღაც ხდება“. – აცხადებს გიგი უგულავა გადაცემა „რეაქციაში“.

უგულავას შეფასებით, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ბევრ კორექტირებას მოითხოვს, ვინაიდან გარშემო ტოტალური დაუსჯელობის სინდრომია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

„ეს არ ნიშნავს, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს, მაგრამ იგი უნდა აღსრულდეს სამართლიანად და თანასწორად. სხვაგავარად ყოვეთვის ამ კატასტროფულ, ტრაგიკულ წრეში ვიტრიალებთ”. – ამბობს უგულავა.
____________________________

შეგახსენებთ, რომ 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

„ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებული ბოლო ინფორმაცია გიორგი საქარაშვილის დაღუპვის თაობაზე.