ბოლო ინფორმაციით, მგზავრები უკვე ისრაელში დაეშვნენ. ბენ-გურიონის აეროპორტში მათ საგანგებო დახვედრა მოუწყვეს.
დღის განმავლობაში მსოფლიო თვალს ადევნებდა რეის FZ1073-ს, რომელშიც დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა (უმეტესობა ისრაელის მოქალაქე), და რომელიც ბენ-გურიონის აეროპორტში უნდა დამჯდარიყო. თუმცა დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით ერთი საათი რჩებოდა, როცა თვითმფრინავმა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა, ვარდნა დაიწყო და ორ წუთზე ნაკლებ დროში 5 000 მეტრზე მეტი სიმაღლე დაკარგა.
საერთაშორის მედიაში პირველი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, იყო ის, რომ კომპანია Flydubai-ს თვითმფრინავმა, საგანგებო კოდი გამოსცა.
ცოტა ხნის შემდეგ გამოიგზავნა კოდი, რომელიც გამოიყენება გატაცების შესახებ შესატყობინებლად, თუმცა მოგვიანებით თვითმფრინავი ისევ ზოგად საგანგებო სიგნალს დაუბრუნდა.
თავდაპირველი ინფორმაციით, საგანგებო სიგნალი პილოტსა და თანაპილოტს შორის მომხდარი „ინციდენტის“ გამო გამოიგზავნა, თუმცა მოგვიანებით ბევრი რამ დაზუსტდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მიმართულებით მიმავალ რეისზე ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტი დაჭრა და „როგორც ჩანს, თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა“.
ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში, ერთ-ერთი მგზავრი, მამაკაცი, სახელად იანივი, ჯერ კიდევ სისხლიანი მაისურით, ნეთანიაჰუს უყვება, თუ როგორ შეაჩერა თავდამსხმელი.
იგი ამბობს, რომ თავდამსხმელის შეპყრობა შეძლო და თვითმფრინავის სამართავი ბერკეტები მოსწია, რამაც ბორტს სტაბილურობა დაუბრუნა.
ამის შემდეგ სალონში მჯდომი ორი მგზავრი, რომლებიც მფრინავები აღმოჩნდნენ, კაბინაში შევიდნენ და დაჭრილი პილოტი ჩაანაცვლეს, შემდეგ კი თვითმფრინავი საუდის არაბეთში დასვეს.
„როცა შევედი, სავარძლებში პილოტები აღარ ისხდნენ. ერთი ძირს ეგდო, თავდამსხმელი კი ხელსაწყოებთან იდგა”, – ამბობს იანივი. მისი თქმით, თავდამსხმელი „თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსაყვანად ხელსაწყოების განადგურებას ცდილობდა”. იანივმა მას კისერში ხელის სტაცა, კაბინიდან გამოათრია და სხვა ისრაელელ მგზავრებთან ერთად ძირს დააგდო. იანივი ამბობს, რომ საჭე თავადაც გამოსწია. მისი თქმით, თვითმფრინავი ოდნავ გასწორდა, რის შემდეგაც მართვა პროფესიით მფრინავმა ორმა მგზავრმა გადაიბარა.
BBC Verify-მ შეისწავლა გრაფიკული ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ წვანან კაბინასთან, იატაკზე, ჟანგბადის ნიღბებიანი სისხლიანი მამაკაცები. რამდენიმე დეტალი ვიდეოს ავთენტურობაზე მიუთითებს, მათ შორის ეკიპაჟის წევრების ფორმა, რომელიც Flydubai-ს ფორმას ემთხვევა. ვიდეოში ერთ-ერთი მგზავრი, რომელსაც თავზე ჭრილობა აქვს, ებრაულად ამბობს: „თავს დაგვესხნენ. პილოტის მოკვლა სცადეს. მართვა ჩვენ ავიღეთ ხელში”.
კიდევ ერთ მგზავარი, 18 წლის ბიჭი, ამბობს, რომ ვარდნის დაწყებამდ შეძახილი „ალაჰუ აქბარ” გაიგონა, „შეიძლება ხუთი წუთი გაგრძელდა, მაგრამ ჯოჯოხეთივით იყო. გავიგონე, როგორ ყვიროდა ჩემი ძმა, რომ ვიღუპებოდით”, – ამბობს ის.
Flydubai-მ საუდის არაბეთში ორი სარეზერვო თვითმფრინავი გაგზავნა. მგზავრები თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში დაგეგმილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით დაეშვნენ.
მედიკოსთა თქმით ყველა მგზავრმა თვითმფრინავი საკუთარი ფეხით დატოვა. რამდენიმეს მსუბუქი დაზიანებები აქვს, საავადმყოფოში კი მხოლოდ ერთი მამაკაცი გადაიყვანეს, რომელმაც ბორტზე ჩხუბისას მაჯა დაიზიანა.
ნეთანიაჰუ მგზავრებს აეროპორტში შეხვდა და მათ შორის იანივს, რომელსაც ჯერ კიდევ სისხლიანი მაისური ეცვა, გადაეხვია და გმირი უწოდა.
ნეთანიაჰუ ამბობს, რომ პილოტი, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, დაკავებულია და საქმეს საუდის არაბეთის ხელისუფლება იძიებს.